არხოტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ეკიპაჟი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად აქტიურად მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები, ასევე, თბილისიდან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის 10-კაციანი ჯგუფი. კერა სოფელ ამღადან, დაახლოებით, 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა და, შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ამიტომ, ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს ინდივიდური საშუალებებით. ქრობის სამუშაოებს, რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც აძნელებს.