მერკელი: არ შეგვიძლია, თავს “ლოქდაუნის” უფლება მივცეთ
“გერმანიას ამოუწურავი შესაძლებლობები არ აქვს, მისი ეკონომიკა შეზღუდვების განმეორებისთვის მზად არ არის”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.
მისი თქმით, ქვეყანამ დაამტკიცა ბიუჯეტი და დავალიანება, მხოლოდ მიმდინარე წელს, 250 მლრდ ევროს შეადგენს, “შესაბამისად, მეორე ტალღის უფლებას თავს ვერ მივცემთ, როგორც ეს გაზაფხულზე იყო, იგივე ეკონომიკური შედეგებით”.
მისი თქმით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების ზრდის სტადიაზე იმყოფება, ამიტომ, საჭიროა მეორე ტალღის მართვა.
“რასაც გავაკეთებთ უახლოეს დღეებსა და კვირებში, გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება იმისთვის, თუ როგორ გადავიტანთ პანდემიას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ინფიცირებულთა და მათთან კონტაქტში მყოფი პირთა გაკონტროლებისთვის”, – განმარტა კანცლერმა.
გასულ დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსის 6638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი იყო.
პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 341 223 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 9710 პაციენტი ემსხვერპლა.