მინსკში პოლიციის განყოფილებას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს
დაუდგენელმა პირებმა მინსკში პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.
ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, შედეგად შენობასთან მდგომი სამსახურებრივი ავტობუსი დაიწვა.
ბელორუსში არეულობა 9 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც, ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა – ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა. ქვეყნის დიდ ქალაქებში დღემდე გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლებსაც ათასობით აქტივისტის დაკავება მოჰყვა.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა შეკრებილების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები.
გუშინ კი ქვეყნის შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენადი კაზაკევიჩმა განაცხადა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ძალოვანები აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ საბრძოლო იარაღსაც გამოიყენებენ.