ნიკო ცეცხლაძის პროექტი „თვითიზოლაციაში“ – კატალოგის წარდგენა / გამოფენა
17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ ნიკო ცეცხლაძის კატალოგის წარდგენა და გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი „იზოლაციაში“ ეხმაურება იზოლაციაში მყოფი ადამიანების გამოცდილებას ბოლო თვეების მანძილზე.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მსოფლიოში და საქართველოშიც ძლიერ შენელდა და უსაფრთხო არსებობის ერთდაერთი გამოსავალი თვითიზოლაცია იქცა. ეს პერიოდი რთული, მაგრამ საინტერესო იყო იმ ხელოვანებისთვის, რომელთა შემოქმედებითი ცხოვრება სოციუმში აქტიურ ურთიერთგაცვლასთან და ახალი ინსპირაციების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული.
„იზოლაციაში“ სავალდებულო კარანტინის პერიოდში შექმნილი სერიაა, რომელიც მეგობრების, ნაცნობებისა და პროექტში მონაწილეობის მსურველთა ფოტოებისაგან შედგება.
სერია ასახავს პირადი და საჯარო, ორი აუცილებელი სივრცის, ურთიერთიერთობას იზოლაციის დროს, როდესაც იწყება ისეთი დეტალების აღმოჩენა და ახლებურად დანახვა, რაც ადრე ყურადღების ცენტრში არ/ვერ ხვდებოდა.
ფოტოსერია ეხმაურება ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარ გარემოსთან კრიზისულ პერიოდში, როდესაც მხატვარი შემოქმედებით ინსპირაციას პირად სივრცეში ეძებს, რომელიც საჯარო სივრცეში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების ზემოქმედებით იცვლება“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
პროექტი ხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოების” მხარდამჭერით.