ლაშა დარსალია ტოივო კლაარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ესაუბრა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა, რაც პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შეჩერების, ასევე, სოხუმსა და ცხინვალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ყურადღება გამახვილდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და აღინიშნა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იყო კორონავირუსის პანდემიის დროს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ლაშა დარსალიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ ძალისხმევას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას შეუმსუბუქოს ოკუპაციის მძიმე ტვირთი.
მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროულად განახლებისა და ფორმატის ეფექტიანად გამოყენების საკითხი. მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი 51-ე რაუნდის რუსეთის წარმომადგენელთა მიერ ჩაშლის გამო. ლაშა დარსალიამ პარტნიორებს თხოვნით მიმართა, რომ თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებმა: ევროკავშირმა, გაერო-მ და ეუთო-მ ქმედითი ზომები მიიღონ მოლაპარაკებების რაუნდის დეკემბერში გამართვის უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა ასევე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების წინაპირობების გარეშე აღდგენის საჭიროებაზე.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და დასძინა, რომ ადგილზე გართულებული ვითარების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის დღის წესრიგში.