„თუ ეს დოკუმენტები არაფერში გამოდგებოდა, მაშინ რატომ იყო გამქრალი?” – მამუკა არეშიძე – დავით გარეჯის საქმეზე

“თუ ეს დოკუმენტები არაფერში გამოდგებოდა, როგორც ახლა ზოგიერთი ამბობს, მაშინ რატომ იყო გამქრალი”, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არეშიძე საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 1:200 000 მასშტაბის რუკას 1929 წლის შეთანხმების სამართლებრივ ველში გადავყავრთ, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის.

„ამ რუკის შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ 1929 წლის შეთანხმების სამართლებრივ ველში და მაშინ დავკარგავთ დავით გარეჯის ნაწილს იმიტომ, რომ იმ შეთანხმებაში სიტყვიერად წერია: საზღვარი გადის ჩიჩხიტურის კოშკზე”, – განაცხადა ილიჩოვამ.
მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მას ნანახი აქვს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის ასლი. არეშიძის თქმით, ამ რუკის მიხედვით, უდაბნო, ჩიჩხიტური ცალსახად საქართველოს ტერიტორიაზეა.
„1:200 000 მასშტაბის რუკის ბაზაზე შედგა 1:500 000 -იანი რუკა. 1:500 000-იანი ზოგადია. 1:200 000 მასშტაბის რუკა კონკრეტულია. თუ რაღაც ხარვეზი იყო, რატომ აიღეს მაშინ 1:500 000-იანი რუკა თავის დროზე? თუ 1929 წლის ხელშეკრულების რეანიმაცია მოხდება 1:200 000-იანი რუკით, მაშინ 1:500 000-იანითაც მოხდება. მე არასდროს მითქვამს, რომ რუკა არასწორადაა აღებული. რუკა სწორადაა აღებული, მაგრამ მასშტაბია არასწორად აღებული. ამაშია საქმე.
მე ნანახი მაქვს 1:200 000 მასშტაბიანი რუკის ასლი. უდაბნო, ჩიჩხიტური ცალსახად არის საქართველოს ტერიტორიაზე.
ეს სპეკულაციები, პოლიტიკური კინკლაობა უკვე მოსაბეზრებელი გახდა. არავინ ამბობს, რომ მაინცდამაინც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან ამ ყველაფერში დამნაშავეები. ჩემი აზრით, მელაშვილის დანაშაული იმაში მდგომარეობას, რომ აჩემებული აქვს, გინდა თუ არა, ჩვენი პოლიტიკა სწორი იყოო. არ იყო სწორი.
რასაკვირველია, რუსეთის მიერაა ეს რუკები არეულ-დარეული, მაგრამ აქ ახლა ცოტა სხვა რამეზეა ლაპარაკი. გავიგეთ რუსეთი. . . 99 % რუსეთის ბრალია, მაგრამ 1% ხომ არის ქართველების ბრალი? წინა ხელისუფლების, იმის წინა ხელისუფლების, ვიღაც დაბალი დონის ჩინოვნიკებისა და ა.შ. სირცხვილია იმაზე ლაპარაკი, რომ თვე-ნახევრის წინ გაახსენდათ ეს ამბავი. ეს ბევრ ადამიანს აყენებს შეურაცხყოფას, მათ შორის – მეც, რომელიც 6 წელია, ამ რუკებისა და დოკუმენტების გამო ვცდილობ, რაღაც კედელი გავარღვიო. ან ჩვენი სამღვდელოება: ევროკავშირში იყვნენ, ნატო-ს შტაბბინაში ჩავიდნენ ამისთვის, აზერბაიჯანთან ეს სიტუაცია გაგვირკვიეთო, ეუთო-ს მისიაშიც იყვნენ, სად არ იყვნენ, მოიარეს მთელი ევროპა და დღეს ეუბნებიან, თვე-ნახევრის წინ რატომ დაიწყეთ ლაპარაკიო. მამა კირიონს ვგულისხმობ და კიდევ სხვა სამღვდელოებას. არ შეიძლება ასე მოქცევა და ლაპარაკი. პოლიტიკურ მიზნებს არ უნდა გადააყოლო ყველაფერი. მესმის, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ ეს საარჩევნოდ გამოიყენა, თავად რომ ყოფილიყვნენ, არ გამოიყენებდნენ? ყველა გამოიყენებდა. რეალობა ასეთია. პოლიტიკა ასეთი რამაა, სამწუხაროდ, თუმცა, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ეს დროში ერთმანეთს დაემთხვა.

კომისიის იქეთა მხარეს ეს დოკუმენტები აქვს და ეცნობიან. თუ ეს დოკუმენტები არაფერში გამოდგებოდა, როგორც ახლა ზოგიერთი ამბობს, მაშინ რატომ იყო გამქრალი? მე ხომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ზოგიერთ ქართულ არქივში აღწერაში არის ეს დოკუმენტი, რეალურად კი არ იყო. რატომ იყო გამქრალი? ეს ხომ, ბუნებრივია, ეჭვებს აჩენს. ბოლოს და ბოლოს გარეჯზეა ლაპარაკი, პლუს – საზღვარზე, პლუს – სტრატეგიულ სიმაღლეზე. ყველაფერი ერთადაა. თან ეს არის თემა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს. მე ხომ კომისიასთან ურთიერთობა მქონდა? ვიცი, როგორც იყო. სულ საყვედურობდნენ ერთმანეთს, სადაა ის დოკუმენტებიო? რატომ აკეთებთ ამას, რატომ მივდივართ არასწორი გზითო? ამ რუკაზე ცალსახად იყო ლაპარაკი.
ახლა ამ დოკუმენტების დემონსტრირება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი პროცესი დაიწყო და მორჩა.
ძალიან კარგად ვიცით, რომ არცერთ რუკაზე, რომელიც არსებობს, საბჭოთა პერიოდის განმავლობაშია გაკეთებული, არ არის იდენტური მდგომარეობა საზღვართან დაკავშირებით. არის საკამათო უბნები ჩვენს მხარესაც, აზერბაიჯანის მხარესაც. აქედან გამომდინარე, საჭიროა უფრო კვალიფიცირებული მიდგომა ამ საქმის მიმართ. ამ კვალიფიცირებული მიდგომისთვის არ აღმოჩნდა კომისია მზად. კომისიამ თავის მუშობით, განსაკუთრებით – საექსპერტო ჯგუფმა, დაუშვა შეცდომები, რამაც განაპირობა ის დამოკიდებულება, რომელიც ახლაა საზოგადოებაში , სამართალდამცველ ორგანოებში“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსნებეთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, ნატალია ილიჩოვა დააკავა.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის, ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიებამ, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერების შესწავლა დაიწყო”, – განაცხადეს პროკურატურაში.
მელაშვილისა და ილიჩოვას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე.
„საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი რამდენჯერმე შეიცვალა და, საბოლოოდ, 1938 წელს ორმხრივად შეთანხმდა.
კერძოდ, 1938 წლის მარტში საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენის აუცილებლობა, რა მიზნითაც 1994 წელს შეიქმნა საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია.
1996 წლის ივნისში საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა 1938 წელს მათ შორის ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.
საქართველოს სამთავრობო კომისიის ერთ-ერთ წევრი და ამავდროულად ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ი. მ. და მასთან ერთად ამ პროცესს წარმართავდა კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნ. ი. ხსენებული პირები, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის განხორციელების მიზნებისათვის, ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, მოეხდინათ მათი შეჯერება, ანალიზი და მათ საფუძველზე შეედგინათ საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს შესაბამისი აუცილებელი საექსპერტო კვლევების ჩატარება და ასევე აღნიშნულ პროცესში არ ჩართეს კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ბრალდებულთა მიერ შედგენილ ალბომებში ხდებოდა მათ მიერვე შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთების დატანა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ორ სახელმწიფოს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების პროცესის ძირითად სახელმძღვანელო მასალას.
ბრალდებულებს ევალებოდათ, შეექმნათ კონსტიტუციურ პრინციპებზე და რელევანტურ კარტოგრაფიულ მასალაზე დაფუძნებული რუკის ალბომები, სადაც დატანილი იქნებოდა საქართველოს რეალური, ისტორიული საზღვარი (1938 წ) რაც გახდებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნ.ი-ს სამუშაო კაბინეტში.
აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომი იყო დასახელებული რუკის მხოლოდ ასლი და მათ მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ მომხდარიყო ამ რუკის გამოყენება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ბრალდებულები იმ მიზეზით რომ არ არსებობდა რუკის დედანი, მისი ასლი კი არ იყო ავთენტური დოკუმენტი, ეწინააღმდეგებოდნენ მის გამოყენებას.
ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები