ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის რეკონსტრუქცია იწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულება გაფორმდა.
მათივე ცნობით, ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას, რომელიც 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს. 2 მონაკვეთის ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების ვადა 2 წელია.
“პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და, ჯამურად, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზასა და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტორ კომპანია „ტოდინთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად კი სახელმწიფომ, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი მიიღო.
ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე – ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმსა და თბილისთან. პროექტის განხორციელების შედეგად, აჭარის საზღვაო და სამთო ტურიზმი შეიკვრება ერთიან არტერიაში.
აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება. ამასთან, განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.
პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.