„რთულად რეცხვად სათამაშოებს აღარ გამოვიყენებთ, ოთახები ყოველ 2 საათში განიავდება“ – როგორია საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი პროტოკოლი
ორშაბათიდან, 12 ოქტომბრიდან ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი იწყება. როგორ ემზადებიან დაწესებულებები და როგორია ბაღებისთვის განკუთვნილი პროტოკოლი – ამ საკითხების შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, თბილისში 183 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს და 12 ოქტომბერს ყველას გახსნა იგეგმება.
„მოგახსენებთ ბავშვების ბაღში მიღებისა და გაყვანის წესის შესახებ: მშობელს როცა ბავშვი მოჰყავს ბაღში, ეზოში ხვდება მარკირებები ან სტიკერები, სადაც განსაზღვრულია, თუ სად უნდა დადგეს ბავშვთან ერთად. ამ სტიკერზე ასაკობრივი ჯგუფია მინიშნებული: 2-დან 3 წლამდე, 3-დან 4 წლამდე, 4-დან 5 წლამდე, 5-დან 6 წლამდე. ამის შემდეგ შენობიდან გამოდის აღმზრდელი, ეკიპირებული პირბადით, ხალათითა და ხელთათმანით. ბავშვს თერმოსკრინინგი უტარდება. შემდეგ, აღმზრდელს ბავშვი შეჰყავს შენობაში, სადაც საბავშვო ოთახში მას დახვდება აღმზრდელის თანაშემწე და იტოვებს ბავშვს. უკვე არსებობს ე.წ. ჩეკლისტები, ანუ სია, რომლის მიხედვითაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ საათზე უნდა მოიყვანოს ბავშვი ბაღში. ანალოგიურია გაყვანის წესი: წინასწარ განსაზღვრულია დრო, ამა თუ იმ ჯგუფში მყოფი ბავშვის მშობელმა როდის უნდა გაიყვანოს ბავშვი ბაღიდან. მინდა, მივმართო მშობლებს, გაითვალისწინონ ეს ყოველივე, რათა მეტად ორგანიზებულები ვიყოთ და პროცესი მეტად მართვადი, უსაფრთხო იყოს. თუ განსაკუთრებული შემთხვევა იქნება და მშობელს ბავშვის ადრე გაყვანა დასჭირდება, 10 წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს. მინდა, ვთხოვო მშობლებს, იზრუნონ, რომ ასეთი შემთხვევები ერთეული იყოს“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მანვე განმარტა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდება.
„თუ ბავშვს ბაღში მიღების დროს გამოუვლინდა ტემპერატურა, მშობელს ეცნობება, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს “112”-ს. თუ დღის განმავლობაში გამოუვლინდა ტემპერატურა, ბავშვი აღმზრდელს გადაჰყავს ე.წ. დაყოვნების, ანუ საიზოლაციო ოთახში, ექთანთან, რომელიც ეკიპირებულია. მივმართავთ მშობელს, რომ გონივრულ ვადაში გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს “112”-ს. თუ მშობელი ძალიან დააგვიანებს, ჩვენ მივმართავთ “112-ს“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მისივე თქმით, მშობელს ბაღის შენობაში შესვლის უფლება არ აქვს.
„რაც შეეხება დეზინფექციასა და განიავებას – განიავების ინტერვალი შეიცვალა და ყოველ 2 საათში განიავდება ოთახები. დეზინფექციაც გახშირდება. რთულად რეცხვადი და დეზინფექცირებადი სათამაშოები ამოვიღეთ და აღარ გამოვიყენებთ. ბავშვებისთვის გვაქვს ინდივიდური ჩანთები, სადაც განთავსებულია სხვადასხვა საკანცელარიო ნივთი, რომელიც გამოიყენება ჩვენს მეთოდოლოგიაში. თითოეულ ჩანთას ბავშვის სურათი აქვს, რათა ბავშვმა ადვილად მიაგნოს თავის ჩანთას.
თეთრეულის შემთხვევაშიც შეიცვალა წესი, როცა ბაღებს კვირაში ერთხელ მოეთხოვებოდათ თეთრეულის გარეცხვა, ახლა კვირაში 2-ჯერ მოეთხოვებათ“, – განმარტა გვანცელაძემ.
თამუნა შეყილაძე