პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზურ-სირიული დიპლომატია მხოლოდ გულის მოფხანა და თავის მოტყუებაა, სხვა არაფერი
სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა 2018 წლის 29 მაისს აღირა. ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, 2020 წლის 4 ოქტომბერს სირიის არაბთა რესპუბლიკაში აფხაზეთის საელჩო გაიხსნა.
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კივე პრესასთან კომიკურ გნცხადებას აკეთებს. მას იმედი აქვს, რომ სირიის პრეზიდენტსა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ბაშარ ალ-ასადსაც მალე გაიცნობს და დაეხმარება მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დალაგებაში.
რა საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის სირიის არაბთა რესპუბლიკაში ეგრეთ წოდებული აფხაზური სახელმწიფოს საელჩოს გახსნა, შეიცვალა თუ არა რუსეთის სახელმწიფო ინტერესები კავკასიაში და როგორ პოლიტიკას გაატარებს ის საქართველოსთან მიმართებით ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტის გათვალისწინებით – ,,კვირამ” კომენტარი სთხოვა ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს:
– რამდენად სახიფათოა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის საელჩოს შექმნის პირველი პრეცედენტი სირიაში ქართული სახელმწიფოსთვის?
– ამ შემთხვევაში, ახალი არაფერი მომხდარა. სირიამ 2 წლის წინ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ახლა, უბრალოდ, საელჩო გახსნა, რომელიც ამ აღიარების ნაწილია და ხვა არაფერი. ეს არის სირიის არაბთა სახელმწიფოს მორიგი ნეგატიური ქცევა, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ ის გასულია საერთაშორისო კანონმდებლობის ყოველგვარი ჩარჩოდან და მხოლოდ საკუთარი კანონებით ცხოვრობს.
– როგორ უნდა მოიქცეს ქართული დიპლომატია?
– ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სირიის არაადეკვატური პოლიტიკური ქცევა და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მთელს მსოფლიოს, მათ შორის, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელშიც ისაა გაერთიანებული, რომ სირია არ იცვლება, ის რჩება აგრესორად და თავისი ქმედებებით უპირისპირდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ წესებს. მთავარი მოთამაშე ამ შემთხვევაში მაინც რუსეთია, რომელზეც სირიის ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება პირდაპირაა მიბმული. რა აფხაზურ-სირიულ დიპლომატიაზეა ლაპარაკი? ეს ხომ მხოლოდ ორმხრივი თავის მოტყუება, თუ გნებავთ, გულის მოფხანაა და სხვა არაფერი?
– რამდენად წონადია დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში თავად სირიის სახელმწიფო და მისი პოლიტიკური განცხადებები, თუნდაც, არაბული სამყაროსათვის?
– 24 არაბულ სახელმწიფოს შორის სირია ყველაზე მიუღებელი პოლიტიკური ერთეულია. არავითარ კომპონენტში საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ის სანიმუშო სახელმწიფოდ არ ითვლება. მასთან თანამშრომლობა და დიპლომატიური ურთიერთობა მსოფლიოში არავის უნდა, გარდა რუსეთისა და ვენესუელისა. რუსეთი-სირია-ვენესუელა სამთავიანი საფრთხობელაა მსოფლიოს თანამეგობრობის თვალში. მართალია, რუსეთი ცდილობს ამ სამეულის საზღვრების გაფართოებას აფხაზეთის არაღიარებული სახელმწიფოს აღიარების კუთხით, მაგრამ დღემდე ვერფრით ახერხებ. უახლოეს მომავალში, დიდი-დიდი, ნიკარაგუის იმედი ჰქონდეს. ესაა და ეს.
– შეიარაღებული კონფლიქტი ყარაბაღში, თქვენი აზრით, რუსეთისა და თურქეთის მორიგი მკლავჭიდია კავკასიაში ჰეგემონიის მოსაპოვებლად?
– თურქეთს უნდა, მეტი მიწა დარჩეს აზერბაიჯანს, მეტი კავკასიური ტერიტორია, რომელსაც, აზერბაიჯანთან ერთად, თავად გააკონტროლებს. თუმცა, თურქეთ- აზერბაიჯანის გეგმა, რომ მარტივად დაიპყრობდა ყარაბაღს, დღეის გადმოსახედიდან, ასე მარტივადაც ვერ განხორციელდა. ფაშინიანი თვალსა და ხელს შორის ძლიერდება, სომხური არმია თავგამოდებით იბრძვის ყარაბახის მიწებისთვის, ამას კი აზერბაიჯანული მხარე, რომელსაც აშკარა უპირატესობა ჰქონდა სომხურ შეიარაღებასთან შედარებით, არ ელოდა. ალიევის რეპუტაცია საკუთარ სახელმწიფოშიც და საერთაშორისო არენაზეც დღითიდღე ეცემა. პირველი შეტაკების ნისლი გაიფანტა და აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ ყარაბაღში მხოლოდ 2-3 კილომეტრით წაიწია წინ და მეტით ვერა. თუ ასე გაგრძელდა, ალიევის რეპუტაცია შესაძლოა, ისე დაეცეს აზერბაიჯანელთა თვალში, რომ მისი ჩამოშორება გარდაუვალი გახდეს აზერბაიჯანული სახელმწიფოებრიობისთვის.
– ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ კავკასიაში კვლავ რუსული ძალა დომინირებს?
– თურქეთის ინტერესია, ებრძოლოს რუსეთს. დღეს ეს კავკასიაში ხდება. ამ ბრძოლით თურქეთი ბევრს ვერაფერს იღებს, რომ მეტად გაყიდოს საკუთარი ინტერესები. თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ რუსეთმა მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც ბევრით ვერაფრით ეხმარება სომხეთს, ამაში კი ხელს უშლის საქართველოს სახელმწიფო.
– როგორ ფიქრობთ, კონფლიქტი სწრაფად დამთავრდება და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდებიან?
– შეიარაღებული შეტაკების პირველი დღიდანვე ველოდი, რომ საომარი მოქმედებები მალე შეწყდებოდა და ყველაფერი მალე დასრულდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. მომავალი რამდენიმე დღე გადამწყვეტი აღმოჩნდება ამ ომში. პოზიციურ ბრძოლებში გამარჯვება განსაზღვრავს პოლიტიკურ ლიდერთა და სახელმწიფოთა ავტორიტეტსა და ადგილს კავკასიის რეგიონში.
ია დანელია