„საზოგადოებამ ხელისუფლების სწორად შერჩევა და დაქირავება უნდა ვისწავლოთ“
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ქვეყნის გავითარებასა და ხელისუფლების სწორად შერჩევის საქმეში საზოგადოების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც საზოგადოებას გააჩნია, ჰქონდა და აქვს დღემდე, არის ის, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ხელისუფლების დაქირავება. ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს არსებულ რეალობაში საუკეთესო ხელისუფალის შერჩევა და შემდეგ მისი კონტროლი შეძლოს.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიქირავოთ ხელისუფლება, უნდა ვისწავლოთ, ვინ ავირჩიოთ და რატომ. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანი, რომელსაც საკუთარი პარტია ვერ დაუფუძნებია და ქვეყნის აშენებას გვპირდება, ოქროს კოშკებს გვიხატავს და ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია. უფრო მეტიც, მის ბიოგრაფიას თუ გადახედავ, ხელმოცარული იყო, უმეტესწილად, როგორი ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა გვესაუბრებოდეს ის, ჩვენ უნდა შევძლოთ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ისევე როგორც არ უნდა ვეძებოთ ჩვენ უმწიკვლო, შეიძლება ვერ იყოს გელოვანი, ჰქონდეს ნაკლი, მაგრამ ჩვენ არსებული რეალობიდან ღირსეული არჩევანი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა არჩევნების ბოიკოტირებისთვის პოლიტიკოსთა ნაწილი გააკრიტიკა. მისი თქმით, არ ვარგა, როცა ხშირად გაღიზიანებული და განაწყენებული პოლიტიკოსები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. ივანიშვილის განცხადებით, ამ დროს დგება საფრთხე, რომ არსებული კანდიდატებიდან ყველაზე უარესი მოვიდეს და გაუძღვეს საზოგადოებას. ყოფილი პრემიერის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა მოახერხოს, ყველა მიმდინარე პროცესში უშუალოდ ჩაერთოს და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა იმის გადაწყვეტაში, თუ სად უნდა წავიდეს ბიუჯეტის თანხები.
„ჩვენ უნდა მოვახერხოთ კონტროლი. გზის დაგება უნდა შევამოწმოთ არა მაშინ, როცა კილომეტრები დაიგება, არამედ პირველი ასი მეტრის დაგების პროცესი უნდა გავაკონტროლოთ. ჩვენ უნდა ჩავერთოთ პროცესებში. თუ გნებავთ ბიუჯეტის განხილვის, ან სხვადასხვა მიმართულების არჩევის დროს. საზოგადოებამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, საით უნდა იყოს თანხები მიმართული, ჯანდაცვაზე თუ განათლებაზე, თუ თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებაზე და ასე შემდეგ. ასეთი მოქალაქე შეძლებს სწორად შეარჩიოს, დაიქირაოს და აკონტროლოს ხელისუფლება“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.