რა ვითარებაა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში – აზერბაიჯანული მედია ინფორმაციას ავრცელებს
“სომხეთის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე დამარცხებას განიცდიან და ამის ფონზე ცდილობენ შური მშვიდობიან მოქალაქეებზე იძიონ. ისინი აზერბაიჯანის მსხვილ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ, როგორებიც არის განჯა, ტერტერი, გორადიზი”,- ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა “Mediapost” ავრცელებს.
მოწინააღმდეგის მიზანია – მშვიდობიან მოსახლეობაში პანიკის დათესვა, ქვეყნის ხელმძღვანელობისა და არმიის მიმართ უნდობლობის გამოწვევა, ასევე სამხედრო სარდლობის ყურადღების გადატანა.
სომხეთის ქმედება არის ომის დროს 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის IV მუხლის დარღვევა, რაც საომარი მოქმედებების დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას გულისხმობს.
აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებები და სამინისტროები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, პანიკა არ შეინიშნება, ვითარებას შესაბამისი სტრუქტურები სრულად აკონტროლებენ.
ამჟამად, დადასტურებულია 22 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, მათ შორის ორი მოსწავლეა, 74–მა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სროლა მსხვილკალიბრიანი არტილერიით ხორციელდება, კასეტური ტიპის რაკეტებით, ასევე სარაკეტო კომპლექს “Точка-У”–დანაც.