დავით სერგეენკო: სახელმწიფოს ვალია, მონიტორინგი გაუწიოს სამედიცინო სერვისების ხარისხსა და ხარჯთეფექტურობას
სახელმწიფოს ვალია, მონიტორინგი გაუწიოს სამედიცინო სერვისების ხარისხს და ხარჯთეფექტურობას , – ამის შესახებ საბურთალოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
სამედიცინო სერვისების ხარისხის კონტროლისა და ხარჯთეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ საუბრის დროს სერგეენკომ ხაზი გაუსვა ორ საკითხს: „ერთი საკითხია, სამედიცინო ინდუსტრიისკენ რა ბიუჯეტი მიემართება, ხოლო მეორეა, რა მეთოდოლოგიით ხდება სერვისების ანაზღაურება”.
მისი განმარტებით, ასეთი მეთოდოლოგია რამდენიმეა მსოფლიოში, თუმცა ევროკავშირი და ავსტრალია იყენებენ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდს.
„ჩვენ როდესაც 2013 წელს დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვა, რა თქმა უნდა, დავაფუძნეთ მეთოდოლოგია, რომელიც თავის თავში მოიცავს იმ პროცესების პრევენციას, რომელშიც ხელოვნურად და დაუსაბუთებლად მოხდებოდა კლინიკების მიერ სერვისების ღირებულების ზრდა. ჩვენს მიერ დანერგილი სისტემა არ აძლევდა კლინიკებს სამედიცინო სერვისის ღირებულების ხელოვნულად გაზრდის საშუალებას. კლინიკას შეუძლია პირობითად სამედიცინო მომსახურებაზე დააწესოს 10-ჯერ მეტი ფასი, ვიდრე არის მისი საბაზრო ღირებულება, მაგრამ ანაზღაურების სისტემა, ამ სერვისის საფასურს გამოიყვანს ბაზარზე არსებული ფასების საშუალო ღირებულებით და აანაზღაურებს მხოლოდ ამ პრინციპის მიხედვით, და არა იმ საფასურს რაც კლინიკამ მოითხოვა”-აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
აქვე, დავით სერგეენკო ასახელებს ორ გამოწვევას, რაც სისიტემა ჰქონდა. მისი განცხადებით, ასეთი სისტემა მოიცავს ორ მინუსს, რომელიც 2012-ში უკვე იცოდნენ და დაიწყეს მუშაობა რომ ევროპული მოდელის, დიაგნოზთან შეჭიდული მეთოდის იმპლემენტაცია განეხორციელებინათ. ამ პროცესს 4-დან 7 წლამდე დრო სჭირდებოდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქვეყანა უკვე მივიდა ამ ეტაპამდე და მართალია, ჯანდაცვის სისტემაში გასაშუალოებული ფასები ისევ იქნება, თუმცა უფრო არგუმენტირებულად დასაბუთებული.
„მეორე საკითხი კი შემდეგშია-თუ კი დღეს სამედიცინო ჩარევების ჩამონათვალის რაოდენობა 15 ათასია და საქართველოში ერთ წელიწადში გვაქვს 13 მილიონზე მეტი ვიზიტი ექიმთან და სისტემა ვალდებული იყო ყველა ეს შემთხვევა გაეკონტროლებინა და ინდივიდუალურად შეესწავლა. ახალ სისტემაზე გადასვლით 15 ათასი სამედიცინო მანიპულაციის ჩამონათვალი იკუმშება 445-მდე, რითაც ჩქარდება ბიზნესპროცესები. შედარებისთვის, თუ ძველი სისტემით კლინიკებთან ანგარიშსწორებისთვის არსებობდა 3 თვიანი ვადა, ეს პროცესი შემცირდება 2 კვირამდე. ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება დარგისთვის, “- განმარტავს დავით სერგეენკო.