დავით ზალკალიანი: შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება

შვედეთის საგრეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ან ლინდეს საქართველოში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზალკალიანის ინფორმაციით, შვედ კოლეგასთან შეხვედრაზე აღინიშნა ეუთოს კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ადგილზე უსაფრთხოების სიტუაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და უკანონო „ბორდერიზაციის” პროცესი ეუთოს პოლიტიკური დღის წესრიგის მოწინავე საკითხებს შორის იყოს წარმოდგენილი.

“მოხარული ვარ ვუმასპინძლო საქართველოს მეგობრის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში. ეს ვიზიტი გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული, შვედეთი ემზადება ეუთოს თავმჯდომარეობისთვის და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში აუცილებელია, რომ ორგანიზაცია იყოს განსაკუთრებულად აქტიურად ჩართული ისეთი სიტუაციების და მწვავე პრობლემების მოგვარებაში, როგორიც არის კონფლიქტები ეუთოს რეგიონში.”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის ბელარუსში არსებულ ვითარებასა და მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას. ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, კონფლიქტის მხარეებისთვის თბილისის მოლაპარაკებების პლატფორმად შეთავაზებასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურად ჩართულობის აუცილებლობა სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართულ ქმედებებში.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იყო საქართველოში დაგეგმილი, მომავალი საპარლამენტო არჩევნები:

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი შეფასება ჩვენი შვედი კოლეგების მხრიდან წინა მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ განახორციელა არჩევნების მომზადების კუთხით. კერძოდ, მაღალი შეფასება მიეცა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, რომელიც მოდიოდა ეუთო/ოდირის მხრიდან, ასევე საკონსტიტუციო რეფორმებს, რომელიც საქართველომ განახორციელა. მადლიერი ვართ შვედეთის, რომელიც იქნება წარმომადგენელი როგორც დამკვირვებელი ეუთო/ოდირის მისიაში, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც აქვს საქართველოს დაწესებული უკვე ბოლო წლების განმავლობაში – 2012 წელს მოყოლებული ყველა არჩევნები ჩატარდა უმაღლესი სტანდარტების და პრინციპების დაცვით, ასევე იქნება უზრუნველყოფილი და გარანტირებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.”-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები