“არ გამოვრიცხავ, ყარაბაღის ომში ჩართულმა ქვეყნებმა საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთის წინააღმდეგ დივერსიული აქტების მოწყობა მოინდომონ”

“თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, ასეთ დროს, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს; ეს უკვე ნიშნავს რუსეთთან კონფრონტაციას და ამ სცენარში საქართველო ძალიან ცუდად იქნება ჩართული “, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

არეშიძემ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის ძალიან აქტიურ და ხანგრძლივ ფაზაში გადასვლა რეგიონისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვისაც კატასტროფა იქნება.

„მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი შეიძლება, იყოს. ყველაზე კარგია ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის გაყინვა იმ სტადიაში, რომელშიც ახლაა. ძალიან რთულია, დადგინდეს, მაგალითად, აზერბაიჯანის მხარის ზუსტი ამოცანები. უნდათ მათ იმ 5 რაიონის დაბრუნება, რომელიც ყარაბაღის გარშემოა და დაკავებულია სომხური შენაერთების მიერ, თუ ისინი ყარაბაღზე შეტევას აპირებენ? თუ მხოლოდ 5 რაიონის დაკავება სურთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტას უნდა ველოდოთ მას შემდეგ, რაც ამ 5 რაიონს დაიკავებენ. არ არის გამორიცხული, რაღაც კულუარული მოლაპარაკებები შედგეს იმისათვის, რომ აზერბაიჯანის ამბიცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და სათქმელი ჰქონდეს აზერბაიჯანის დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მიაღწიეს გამარჯვებას. თუ ამოცანა ყარაბაღის დაკავებაა, ეს ნიშნავს იმ გზით წასვლას, როგორიცაა სირიაში, სამწუხაროდ. თუმცა, განსხვავებაცაა იმიტომ, რომ სირიაში რეგიონული თუ მსოფლიო პოლიტიკური მოთამაშეები არიან და თავისი ინტერესები აქვთ და ეს ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. აქაც არის განსხვავება: აქ არის თურქეთისა და რუსეთის ინტერესები, შეერთებული შტატების ინტერესები, სხვა რეგიონული მოთამაშეების ინტერესები, მაგრამ ისეთი რადიკალიზმი, როგორიც სირიაშია, ჯერჯერობით, არ არის. ამიტომ, მე მაინც ვთვლი, რომ თუ მსხვილმა მოთამაშეებმა ძალიან მოინდომეს, მათ შეუძლიათ,  შეაჩერონ პროცესი. თუ მათ რიტორიკას დავეყრდნობით, ევროპის რიტორიკა, რუსეთის რიტორიკა და აშშ-ის რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ამ რიტორიკებშიც არის განსხვავება იმ თვალსაზრისით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა, რუსეთს უნდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მთელ პერიმეტრზე თავისი სამშვიდობოები ჩააყენოს. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში ერთი ათად გაიზრდება. ეს არის რუსეთის ამოცანა – ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ – ამ პირობით. დასავლეთს სხვა ამოცანები აქვს, მაგრამ ისინიც ცეცხლის შეწყვეტას ემხრობიან. ყველასთვის მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტა, თუნდაც იმიტომ, რომ ენერგომატარებლების კორიდორი არ ჩაიკეტოს.
თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, ასეთ დროს, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს; ეს უკვე ნიშნავს რუსეთთან კონფრონტაციას და ამ სცენარში საქართველო ძალიან ცუდად იქნება ჩართული“, – განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული, ომში ჩართულმა ქვეყნებმა საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთის წინააღმდეგ დივერსიული აქტების მოწყობა მოინდომონ.

„უფრო რბილი თემა, მაგრამ არანაკლებ კატასტროფული, ეს არის რეგიონის ეკონომიკური კოლაფსი, ეს არის საინვესტიციო გარემოს, პრაქტიკულად, შეჩერება, ეკონომიკური აქტივობის შემცირება. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ვართ მიბმული აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკაზე, რაც ნიშნავს ჰუმანიტარულ კატასტროფას იმიტომ, რომ დევნილები აუცილებლად იქნებიან. ასევე, სომხეთის მომარაგება სურსათით ძალიან რთული იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ომში ჩართულმა ქვეყნებმა საქართველოს ტერიტორიაზე მოინდომონ ერთმანეთის წინააღმდეგ დივერსიული აქტების მოწყობა ენერგოკორიდორების წინააღმდეგ.

ასევე, იკვეთება საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების ადა სომხების ფაქტორი. ვატყობ, მხარეებს ნამუშავარი აქვთ თავინათ დიასპორებში საქართველოს ტერიტორიაზე. ეს იგრძნობა ჯავახეთშიც და სხვაგანაც. მოხალისეების შეკრება, ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა, საპროტესტო აქციები უკვე გამოჩნდა.

საქართველოში ამ ქვეყნების ბევრი მოქალაქე ცხოვრებს. სომხეთის მოქალაქეები ექვემდებარებიან გაწვევას, რადგან საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა, აქედან გამომდინარე, ისინი სამხედრო ვალდებულების არიან. იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც არიან დაინტერესებულები, თავის ქვეყნისთვის იბრძოლონ, უნდა წავიდნენ, მე ასე მგონია. ესეც ძალიან მძიმე ფაქტია ქვეყნისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ ასი თვალი და ყური უნდა გამოისხას იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ჯეროვნად იყოს დაცული.

სცენარი ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასავლეთის პოზიციამ უნდა სძლიოს სიტუაციას. ყარაბაღის კონფლიქტის ცხელ, ძალიან აქტიურ ფაზაში გადასვლა ეს არის კატასტროფა რეგიონისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, კონფლიქტი მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის 27 სექტემბერს, გამთენიისას განახლდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები