უეფა-ს ეგიდით გასამართ მატჩებს შესაძლოა, გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს – ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების შესაბამისი ჯანდაცვის უწყებების თანხმობის შემთხვევაში, უეფა-ს ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შესაძლოა, გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს.

უეფა-ს გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს შესაძლოა, სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო – ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს დღის ბოლომდე გაგაცნობთ.

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფა-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები