ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა

„თავდაცვის უწყებაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავდაცვის ძალებში გადინების მაჩვენებელი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია და ჩვენს ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გაერთიანების – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედროების დაფასებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე გაიზარდა. მინისტრმა ჯარისკაცებისთვის კვებითი, სამედიცინო, საბინაო პირობებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ჯარის თანამედროვე უნიფორმითა და ფეხსაცმლით აღჭურვის თემას.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისათვის, ასევე დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე ზრუნვის კუთხით განხორციელებული პროექტები: „ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი დაუმარცხებელ, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა. გავუზარდეთ მათ დაფინანსება. ასევე, ამერიკის დახმარებით, ჩვენი დაჭრილი სამხედროებისთვის აშენდა რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრი წეროვანში. გაძლიერდა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე ზრუნვა, საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახების ერთჯერადი კომპენსაციის სახით იღებენ ასი ათას ლარს. ასევე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ყოველთვიურად ერიცხებათ 1000 (ათასი) ლარი.”

თავდაცვის მინისტრმა 5000-მდე მოქმედი, ყოფილი სამხედროსა და სხვა კატეგორიის მოქალაქეებისათვის ბინების დაკანონების, წლების განმავლობაში გადაუწყვეტელი პრობლემის, შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, სრულად შესრულდება 2007 წელს, 2000-ზე მეტი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის წინაშე აღებული ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება, რომლის შესრულება 2013 წელს დაიწყო და მანამდე პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო 8 წლის განმავლობაში ჯარის ინსტიტუციური მართვის გაძლიერებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, გარდაიქმნა და თვისობრივად გაუმჯობესდა სავალდებულო სამხედრო სამსახური, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა, რომელიც საზოგადოებას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები