“ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს”

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალებში გადადგმულ და მიმდინარე ნაბიჯებზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ის ძირითადი ღონისძიებები გააცნო, რომელიც თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და სრული მოდერნიზაციის კუთხით მიმდინარეობს. მისივე თქმით, შემუშავდა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ირაკლი ღარიბაშვილმა ის ძირითადი მიმართულებები ჩამოთვალა, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისად თავდაცვის ძალების თანამედროვე საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს. „შეძენილ იქნა და ახლო მომავალში დამატებით იგეგმება თანამედროვე შეიარაღების სისტემების შესყიდვა, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო, ასევე წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების განვითარება. ჩვენ დავიწყეთ და აქტიურად ხორციელდება საავიაციო ძალების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი. მიმდინარეობს ქვედანაყოფების აღჭურვა ამერიკული წარმოების შეიარაღებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა თანამედროვე შეიარაღების სისტემებით. ასევე გეტყვით, რომ დაგეგმილია სამანევრო ქვედანაყოფების თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვა და 2021 წელს აღნიშნული პროექტი დასრულდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმირებაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებაზეც გააკეთა. მისი განცხადებით, ქართული ჯარი უკვე მარაგდება საქართველოში წარმოებული ცალკეული სამხედრო ეკიპირებით, თავდაცვის ძალები „დელტასგან” მალე აღიჭურვება მოდერნიზებულ საბრძოლო და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებითა და კავშირგაბმულობის მანქანებით: „აქტიურად მიმდინარეობს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება, მათ შორის ჩვენ ვმუშაობთ ვაზნების ადგილობრივ წარმოებაზე, ასევე დრონების წარმოებაზე, ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა ყუმბარმტყორცნებზე და სხვადასხვა სისტემების წარმოებაზე. „დელტასგან” მალე მივიღებთ მოდერნიზებულ საბრძოლო და სამედიცინო ჯავშანმანქანებს და კავშირგაბმულობის მანქანებს. „დელტაში” ჩვენ ასევე დავაფუძნეთ „დელტა ტექსტილი”, ეს არის თანამედროვე სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ჩვენი გმირი სამხედროებისთვის მოხდება თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის უნიფორმების და სხვადასხვა საბრძოლო ეკიპირების წარმოება.”

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ჯარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ სამხედროებისთვის საუკეთესო ინფრასქტრუტურული პირობების შესაქმნელად თავდაცვის ძალების 250-მდე ობიექტი ნატოს სტანდარტებით შენდება და რემონტდება. ასევე, ქართული ჯარისთვის თანამედროვე მსოფლიო ბრენდების 500-ზე მეტი ერთეული საუკეთესო სპეცტექნიკის შესყიდვა განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები