არჩილ თალაკვაძე: გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში

„ჩვენ გვაქვს ხედვა, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი, გვყავს წარდგენილი ძალიან გამოცდილი ადამიანები უკვე განახლებულ საპარლამენტო გუნდში და მთავრობასთან ერთად, რომელიც არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდება, ჩვენ განვაგრძობთ საქმის კეთებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ რვაწლიანი საქმიანობის ანგარიშის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მშვიდობასა და სტაბილურობას, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობის, მისი ღირსების დაცვის, ბიზნესისა და მეწარმეობის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას, ასევე, პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას ემსახურება.

„სიმბოლურია, რომ დღეს პარტია „ქართული ოცნების“, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერმა და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა რვაწლიანი საქმიანობის ანგარიში. ეს არის ის საქმე, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში, საზოგადოების მხარდაჭერით გავაკეთეთ და ასევე, ღირებულებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ემსახურება და რომლისაც ჩვენ ყველას გვჯერა – ეს არის, პირველ რიგში, მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის, მისი ღირსების დაცვა, ეს არის თავისუფლება მეწარმეობის, ბიზნესის სფეროში, საკუთრების უფლება და რასაკვირველია, სწორი, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა, რომლის შედეგადაც საქართველო დღეს არის დასავლეთისთვის კიდევ უფრო საიმედო პარტნიორი, ჩვენ გვაქვს მტკიცე ურთიერთობები ჩვენს მეგობრებთან და ასევე, საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რათა გაწევრიანდეს ნატოში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ საქართველო გააკეთებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, რისთვისაც ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ სხვადასხვა სფეროში. ეს საქმე გაგრძელდება, ჩვენ გვაქვს ხედვა, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი, გვყავს წარდგენილი ძალიან გამოცდილი ადამიანები უკვე განახლებულ საპარლამენტო გუნდში და მთავრობასთან ერთად, რომელიც არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდება, ჩვენ განვაგრძობთ საქმის კეთებას. ძალიან კარგად გვესმის, თუ რა საჭიროებები არსებობს, გვესმის, რომ არაერთი ადამიანი, ოჯახი ჯერ კიდევ რჩება გაჭირვებასთან და უმუშევრობასთან პირისპირ, მათ სჭირდებათ სახელმწიფოს ქმედითი დახმარება, ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ შევძელით, ყველაზე რთულ პერიოდში დაგვემტკიცებინა, რომ სახელმწიფოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები და მთავრობა არის ეფექტური, მთავრობა ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, „ქართული ოცნების“, ჩვენი პოლიტიკური პარტიის და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი და ეს ასეც იქნება მომავალში. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები