ირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, დეგრადირებული ადამიანების სიაა

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, „დეგრადირებული ადამიანების სიაა“.

ირაკლი კობახიძეს თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია აჩვენებს, რომ მათ განახლების რესურსი არ აქვთ.

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ძალიან ბევრი ძლიერი ახალი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. ამის პირისპირ კი თქვენ იხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია ისეთი ადამიანების, რომლებიც მობეზრებული ჰყავს სრულიად ქართულ საზოგადოებას. ეს არის გაუმართავი და განუახლებელი სია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არავითარი განახლების რესურსი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვერც ექნება გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ცივილიზებულმა ადამიანმა იცის, თუ რა არის „ნაცმოძრაობა“ და რა არის „ევროპული საქართველო“ „გირჩი“ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, საზოგადოება ასეთ პოლიტიკურ სუბიექტებს ემიჯნება გამომდინარე მათი წარსულიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ დაუთმო დიდი დრო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას 2012 წლამდე პერიოდის მიმოხილვას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი ფაშისტურ რეჟიმს შეადარა.

„ამას მარტივი ახსნა აქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის აბსოლუტურად მძიმე ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც იყო დაფუძნებული ძალადობასა და სიცრუეზე, იმისთვის, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს . 1945 წლის შემდეგ ათწლეულები გავიდა და დღესაც კი ახსენებენ გერმანულ საზოგადოებას იმას, თუ რა მძიმე იყო ფაშიზმი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ისინი ფორმებით არ განსხვავდებოდნენ, მათი საქმიანობის ფორმებიც ძალადობა და სიცრუე იყო. ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, თუ როგორი აღარ უნდა იყოს ხელისუფლება. განსხვავებით ჰიტლერისგან, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც რჩებიან ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა მიზეზების გამო“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები