“ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს – სწორედ ამ დანაშაულებრივი თანხებით ფინანსდება მათი პოლიტიკური აქტიურობა”

მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენს უახლეს წარსულთან დაკავშირებით საზოგადოების კონსენსუსი ცალსახად შემდგარია და რევიზიას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში „ხალხის ძარცვით მიღებული ასეულობით მილიონი ლარით ფინანსდება დღეს მათი პოლიტიკური აქტიურობა“.

„გვინდა ჩვენს მეწარმეებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქმნება საქართველოს ეკონომიკა და დოვლათი შევახსენო, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი და როგორ ეპყრობოდნენ თითოეულ მათგანს საგანგებოდ შექმნილი სადამსჯელო სახელმწიფო ინსტიტუტები. ბიზნესისთვის ის პერიოდი იყო მართლაც ჯოჯოხეთი დედამიწაზე. რეჟიმმა ქვეყანაში დაამკვიდრა პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული, მანამდე არნახული მძლავრი კორუფციული სისტემა, კლასიკური კლეპტოკრატია, როდესაც ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში იყო თავმოყრილი ეკონომიკის თითქმის ყველა შემოსავლიანი სექტორი. ვინც კი გაბედა რაიმე წინააღმდეგობა გაეწია ამ მანკიერი ფინანსური წესრიგისთვის, მყისიერად დააპატიმრეს და ჩამოართვეს ქონება, ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს. ხალხის ძარცვით მიღებული ასეულობით მილიონი ილექებოდა უცხოურ ბანკებში, მათ საგულდაგულოდ გადამალულ ანგარიშებზე. სწორედ ამ დანაშაულებრივი თანხებით ფინანსდება მათი პოლიტიკური აქტიურობა. ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ. სამწუხაროდ, არ არსებობს ჩვენი სამშობლოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სფერო, რომელიც გადაურჩა წინა ხელისუფლების მავნებლური ზემოქმედებისა და დამანგრეველი მმართველობის შედეგებს.

მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენს უახლეს წარსულთან დაკავშირებით საზოგადოების კონსენსუსი ცალსახად შემდგარია და რევიზიას არ ექვემდებარება. იმდენად დიდია მიყენებული ტრავმები, ამის გამოდევნა ქართველი ხალხის მეხსიერებიდან შეუძლებელია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები