დავით ზალკალიანი: აღმოსავლეთ პარტნიორობამ შეცვალა აღმოსავლეთ ევროპა და ექვსივე პარტნიორი ქვეყანა დააახლოვა ევროკავშირთან

“აღმოსავლეთ პარტნიორობამ შეცვალა აღმოსავლეთ ევროპა და ექვსივე პარტნიორი ქვეყანა დააახლოვა ევროკავშირთან”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ ევროკავშირის საბჭოს გერმანიის თავმჯდომარეობის კონტექსტში ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში – „ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორები: მედეგობისთვის განვითარების დღის წესრიგის შემუშავება” (Europe’s Eastern Partners: Building a Development Agenda for Resilience) განაცხადა.

ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ათწლიანი პერიოდის შეფასებასა და 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის შესახებ დისკუსიას ისახავს მიზნად.

თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის როლზე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესსა და ევროკავშირთან დაახლოებაში. ამ მხრივ, მან საქართველოს მაგალითზე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და მის როლზე ამ პროცესში.

„10 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. აღმოსავლეთ პარტნიორობამ შეცვალა აღმოსავლეთ ევროპა და ექვსივე პარტნიორი ქვეყანა დააახლოვა ევროკავშირთან, მათი ინდივიდური ამბიციების, სურვილებისა და მიზნების გათვალისწინებით”, – განაცხადა ზალკალიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზა-ლიბერალიზაციის გათვალისწინებით, საქართველოს, როგორც ასოცირებულ პარტნიორს ყველზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან.

დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს პრიორიტეტებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის კონტექსტში. როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, საქართველო მიესალმება მეტ პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან ფიზიკურად უფრო დაახლოებას, ერთიან ბაზარში თანდათანობით სრულად ინტეგრაციას, გაძლიერებულ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიმართულებით და ა.შ. თავის გამოსვლაში მინისტრი ასევე შეეხო იმ კონკრეტულ თემებსაც, რომლებიც კონფერენციის განსაკუთრებულ ფოკუსს წარმოადგენს, მათ შორის, კარგი მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.

გამოსვლაში აღინიშნა დიფერენციაციის პრინციპისა და თითოეულ პარტნიორ ქვეყენაზე მორგებული მიდგომის უფრო აქტიური გამოყენების მნიშვნელობა, რაც პარტნიორ ქვეყნებს საშუალებას აძლევთ, თავიანთი ინტერესების შესაბამისად აირჩიონ ევროკავშირთან ინტეგრაციის ხარისხი და ტემპი.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა და მიმოიხილა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ამ მიმართულებით.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2021 წლის მარტში მოხერხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფიზიკური სამიტის ჩატარება ევროკავშირის საბჭოს პორტუგალიის თავმჯდომარეობით, რომელზეც პოლიტიკურად ძლიერი დეკლარაციისა და პარტნიორობის ამბიციური 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის დამტკიცება მოხდება.

კონფერენცია ორდღიანია და მასში ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, პარტნიორებისა და სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები