რომელს აირჩევენ აზერბაიჯანი და სომხეთი – გახარიას შეთავაზების პარალელურად, მხარეებს შუამავლობა ლავროვმაც შესთავაზა

რუსეთი მზად არის, ერევანსა და ბაქოს მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზებაში დაეხმაროს და სთავაზობს, რომ შეხვედრა მოსკოვში გაიმართოს.

ამის შესახებ გახდა ცნობილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგების სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ.

“მზად ვართ, მოსკოვი შევთავაზოთ შესაბამისი კონტაქტების ორგანიზებისთვის, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანლების მორიგი შეხვედრისთვის”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლავროვი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი გააგრძელებს როგორც ინდივიდურად, ისე – ეუთო-ს მინსკის ჯგუფის დანარჩენ თანათავმჯდომარეებთან შუამავლის როლის შესრულებას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარდეს.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

პრემიერის თქმით, სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი, მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

არც ბაქოს და არც ერევანს გახარიას განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები