გერმანელთა სასტუმროები ძველ თბილისში – სასტუმრო „მადერი“

თბილისური სასტუმროების ისტორია ერთი იმ ხიდთაგანია, რომლებიც საქართველოს ისტორიას ევროპის ისტორიასთან აკავშირებს. სასტუმრო, როგორც ეკონომიკური, სოციალური და არქიტექტორული ფენომენი, ახალმა დრომ მოიტანა, და, შესაბამისად, ის იყო ამ ახალი დროის მონაბერი ბევრი სიახლის მიკროსამყარო. სასტუმრო წარმოადგენა ადგილობრივი თემისა და მის გარეთ არსებული უფრო დიდი საზოგადოების შეხვედრის ადგილს, სივრცეს, რომელიც, ერთი მხრივ, ცხადად აჩენდა განსხვავებას შინაურსა და გარეულს, “მე”-სა და უცხოს შორის და, მეორე მხრივ, ხელს უწყობდა მათ დაახლოებას.

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე სასტუმროს ბიზნესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი მეწარმეები, ასევე – სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ პირველ სასტუმროებს თბილისში მცხოვრები ევროპელები ხსნიან, მათ შორის არიან გერმანელები. გერმანელებს უკავშირდება სასტუმროები: მადერივეტცელი, ლონდონი და სხვ.


„მადერი“

მადერები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და თვალსაჩინო გერმანული გვარია. მათი წინაპრები აქ პირველ კოლონისტებთან ერთად ჩამოვიდნენ. ფრიდრიხ და ხრისტიან მადერები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომელთაც 1824 წელს ქალაქის პოლიციაში შეიტანეს თხოვნა გასაქირავებელი ეკიპაჟების შენახვაზე. 1850-60-იან წლებში ფრიდრიხ, იოჰან და ფრიც მადერები იყვნენ კარეტებისა და ეკიპაჟების ოსტატები და მთავარი მიმწოდებლები თბილისში. ისინი რიყეზე ცხოვრობდნენ, სადღაც ზალცმანის სახლის მახლობლად. 1850 წლიდან მადერები ასევე აწარმოებდნენ ლუდს, რომელიც წარმატებით იყიდებოდა მთელ კავკასიაში. 1900-იან წლებში ლუდის ქარხნის მფლობელი ლუიზა მადერი გახდა, ამავე პერიოდში ლუიზა მადერმა გახსნა სასტუმრო „მადერი“, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნის თბილისში მაღალი რეპუტაცია ჰქონდა.

სასტუმრო „მადერი“ თავიდან მიხეილის (ახლანდელი აღმაშენებლის) პროსპექტის #114-ში გაიხსნა, დაახლოებით, 1890 წელს. იმხანად ეს იყო ორსართულიანი შენობა ლითონის აივნებით მთავარ ფასადზე და მაღალი სხვენით. 1890-იან წლებში ის მთლიანად გადაკეთდა და სამსართულიანი გახდა. ფასადმა ნეორენესანსული იერი მიიღო. ამის შემდეგ, მოკლე ხანში სასტუმრომ გადაინაცვლა იმავე სახლის ეზოს სიღრმეში მდგარ ორსართულიან შენობაში (ახლანდელი აღმაშენებლის პროსპექტი #114ა). ეს ორივე შენობა დღესაც არსებობს.

1910 წელს სასტუმრო „მადერი“ გადავიდა პრჟიბილის სახლში კირხეს (ახლანდელი მარჯანიშვილის) ქუჩის #20-ში. იმხანად მას ხელმძღვანლობდა წერეთელი. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა „მადერის“ რესტორანი, რომელიც 1918 წლიდან თბილისის პირველი შრომითი არტელის საკუთრება გახდა.

წყარო: ქართულ-გერმანული არქივი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები