სასაზღვრო პოლიციამ, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული თ.მ. და 1986 წელს დაბადებული ზ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს”, – წერია ინფორმაციაში.