აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის აგრესიის აქტის შედეგად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლია, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.
“სომხეთის შეიარაღებული ძალები გამყოფი ზოლის გასწვრივ სამოქალაქო პირებზე, კერძო სახლებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებენ, რაც ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის, 1949 წლის ჟენევის კონვენციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
სამოქალაქო ობიექტები, როგორიცაა საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, სკოლის შენობები და საბავშვო ბაღები, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის სამიზნე ხდება, მათ შორის, საარტილერიო და სხვა მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. საცხოვრებელ რაიონებში ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ბურსუნლისა და ჰულაბანდის სოფლებში, ასევე, ტერტერის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის რამდენიმე კვარტლებში ბუნებრივი აირის მილსადენები სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების სამიზნე გახდა.
29 სექტემბერს აღდამის რაიონის სოფელ გარადაღლის სამედიცინო დაწესებულებაზე იერიშის შედეგად ერთის სამოქალაქო პირი დაიღუპა. 29 სექტემბრის მონაცემებით, ჯამურად, დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ორი ბავშვი და ორი ხანდაზმული, 35 მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა 66 კერძო სახლი და 8 კერძო საკუთრება. ქვევით მოყვანილია სომხეთის მიერ ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის დამადასტურებელი ფოტოები. სერიოზულად დაზიანდა ტერტერის რაიონის სოფელ აზადგარაგიონლუს მოსახლეობის კერძო საკუთრება”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.