,,არტოს ბაღისთვის” გია ყანჩელის სახელის მინიჭებაზე საჯარო განხილვა გაიმართა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში ,,არტოს ბაღისთვის“ გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა.
2 ოქტომბერს კომპოზიტორის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება. გია ყანჩელი ჩუღურეთის რაიონში, „არტოს ბაღის“ მიმდებარედ ცხოვრობდა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ამ უბანს და ტერიტორიას უკავშირდება.
ღონისძიება, სიმბოლურად, აღმაშენებლის გამზირზე ,,არტოს ბაღში“ ჩატარდა. განხილვაში მონაწილეობა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა, გია ყანჩელის მეგობრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულოსთვის დიდი პატივია ამ ინიციატივის წარდგენა და ფართო საზოგადოებასთან ერთად განხილვა.
„ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება ერთსულოვანია გია ყანჩელის ფენომენსა და მის შემოქმედებასთან დაკავშირებით. სიმბოლურია, რომ ჩვენ გვაქვს ინიციატივა „არტოს ბაღს“ ეწოდოს დიდი მაესტროს სახელი. ეს ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ შემოქმედებას. ამასთან, ეს ადგილი არის უბანში, სადაც გია ყანჩელი დაიბადა და გაიზარდა. მას არტოს ბაღთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენთვის დიდი პატივია ამ ინიციატივის წარდგენა”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, კომისიამ გეოგრაფიული ობიექტისთვის გია ყანჩელის სახელის მინიჭების ინიციატივა ერთი წლის წინ გააჟღერა.
„სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში არტოს ბაღს ვანიჭებთ გია ყანჩელის სახელს. დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერეთ ეს ინიციატივა. მას შემდეგ გავიარეთ სახელდებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები. დღევანდელ განხილვაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, გია ყანჩელის მეგობრებთან, საკრებულოს წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გამოვთქვით მოსაზრებები. საზოგადოება ერთსულოვანია და დადებითად აფასებს ინიციატივას, რომ არტოს ბაღის გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საჯარო განხილვაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და გია ყანჩელის შემოქმედებაზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა. განხილვის შედეგად შეთანხმდნენ, რომ შენარჩუნდება „არტოს ბაღის“ ძველი სახელწოდებაც და მას “გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღი” ეწოდება.
საჯარო განხილვის შემდეგ, საკითხზე გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულო პირველი ოქტომბრის სხდომაზე მიიღებს.