ალი ბაბაევი: საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს მოვუწოდებ, ყარაბაღის ომში არ ჩაერიონ

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ალი ბაბაევი საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს მოუწოდებს, ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირებაში არ ჩაერიონ. ამის შესახებ ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ორ სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს დაძაბული ომი. აზერბაიჯანის სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე ანტიოკუპაციურ ღონისძიებას ატარებს.
გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი, სტრატეგიული სიმაღლე.
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, რადგან გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველო მზადაა, მშვიდობიან მოლაპარაკებას ხელი შეუწყოს. მაგრამ ვხედავ, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის რესურსი ამოწურულია.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაწუხებს ის ფატები, რომ საქართველოს მოქალაქე ზოგიერთი სომეხი ძალიან უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. საუბარი მაქვს ფაქტებზე, როცა ზოგიერთი სომეხი მოუწოდებს ახალგაზრდებს, შეიკრობონ, დაირაზმონ და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საომრად წავიდნენ. ესენი არიან სეპარატისტული განწყობის ადამიანები. საქართველო ამ ომში არ უნდა ჩაერიოს. თუ ჩვენ საქართველო გვიყვარს, თუ საქართველოში ცხოვრება გვინდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო არ ჩაერიოს ამ ომში. თუ ვინმეს სოლიდარობა უნდა, კი ბატონო. მე სოლიდარობას ვუცხადებ აზერბაიჯანელ ხალხს“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.

შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები