გეგმავს თუ არა ერევანი 102-ე რუსული ბაზის პოტენციალის გამოყენებას – ფაშინიანის პასუხი

“სომხეთში დისლოცირებული რუსეთის 102-ე არმია რესპუბლიკის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს რუსული მედიის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ერევანი მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პირობებში აღნიშნული ბაზის გამოყენებას მტრის განეიტრალებისთვის, კერძოდ, თურქეთის გააქტიურების ფონზე, ფაშინიანმა თქვა – “რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთის უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია, მისი პოტენციალი კი კონკრეტულ ვითარებაში უნდა იყოს გამოყენებული”.

“არის თუ არა ამჟამინდელი ვითარება ასეთი? ცხადია, რომ არა. თუმცა, ისეთი ვითარება შეიძლება, შეიქმნას, როდესაც ბაზის პოტენციალი შესაძლოა, იყოს გამოყენებული”, – თქვა სომხეთის პირველმა პირმა.
​მისივე თქმით, ახლა რაიმეს თქმა რთულია, რადგან ვითარება არაპროგნოზირებადია.
თუმცა, ფაშინიანმა ისიც თქვა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.
“ამჟამად, რუსეთი სრულიად ნეიტრალურ პოზიციას იკავებს”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
გუშინ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქულმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო სომხეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი – Su-25.
სომხური მედიის ინფორმაციით, SU-25-ის პილოტი გარდაიცვალა. სომხური მხარე ირწმუნებოდა, რომ თურქი გამანადგურებელი აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში დაფრინავდა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ინფორმაცია ჩამოგდებული სომხური გამანადგურებლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.
“სომხეთის არმიის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირდებით გაკეთებული განცხადება სომხეთის სამხედრო პროპაგანდისტული მანქანის კიდევ ერთი ფანტაზიაა”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, სომხეთის ინფორმაციას თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით თურქეთიც უარყოფს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელმა, ფაჰრეტინ ალტუნმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ განცხადებები ”სრულიად არასწორია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები