Eurointegration: სტოლტენბერგი საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მზადების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს მოუწოდებს, ალიანსთან დაახლოებისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს და წევრობისთვის მზადება დააჩქაროს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე განაცხადა, – წერს უკრაინული გამოცემა – Eurointegration-ი.

გამოცემის კორესპონდენტის ინფორმაციით, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რაც სხვადასხვა სფეროში ნატო-ს საერთო უსაფრთხოებას უწყობს ხელს, მათ შორის, ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებშიც.

“შეგვიძლია, ვიამაყოთ იმით, რასაც ერთობლივად ვაკეთებთ და თქვენც შეგიძლიათ, იამაყოთ იმ შენატანით, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაში გააკეთეთ, ასევე, თქვენი შენატანით ჩვენს მისიებსა და ოპერაციებში”, – თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მოკავშირეები შეთანხმდნენ, კიდევ უფრო გააძლიერონ საქართველო-ნატოს პარტნიორობა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო მიესალმება იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რეფორმების გატარების მხრივ: დემოკრატიის განმტკიცებისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების საკითხში.

“და მე მოგიწოდებთ, სრულებით გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა ნატო-სთან დასაახლოებლად და წევრობისთვის მზადებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მომდევნო თვეს არჩევნები მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აქამდე გენერალური მდივნის რიტორიკაში საქართველოს მიმართ წევრობისკენ მოწოდება ასეთი ფორმულირებით არ გაჟღერებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები