ირაკლი მეზურნიშვილი: ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია და აქვს სერიოზული მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, „ქართული ოცნების” გუნდისგან

„მნიშვნელოვანია, რომ სრულად დავინახოთ სურათი, თუ რა ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა „ქართული ოცნების” გუნდის მეთაურობით და დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბრის შემდეგ ეს წარმატებული გზა გაგრძელდება. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია, კომფორტულად გრძნობს თავს და აქვს სერიოზული მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, „ქართული ოცნების” გუნდისგან”, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

ირაკლი მეზურნიშვილმა სტატისტიკური მონაცემებითა და კონკრეტული რიცხვებით უპასუხა ოპოზიციის დეზინფორმაციას ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით.

„საარჩევნო პერიოდია და მოდის ცილისწამების ძალიან დიდი ტალღა ჩვენი გუნდის მიმართულებით, განსაკუთრებით  – „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. მე მინდა, რამდენიმე რიცხვი მოგაწოდოთ. შედარებითია ყველაფერი და ჩვენ აუცილებლად უნდა შევადაროთ, თუ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე და რამდენად შეიცვალა მდგომარეობა რადიკალურად ეკონომიკაში.  „იაფი ფული”, რომელზეც მიდის ხოლმე ვიდეორგოლებით ქილიკი და უნდათ როგორღაც დააკნინონ ეს სიტყვა, ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს „იაფი ფული” და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ციფრები. 84 ათასზე მეტი ბენეფიციარი არის ამ პროგრამით, ვინც მიიღო ამის შესაძლებლობა. ჯამური ინვესტიცია კი 4,3 მილიარდ ლარს უტოლდება. ასევე ახალი საწარმოების რაოდენობა ჯამურად არის 566. ეს არ არის ვირტუალური საწარმოები, ყველა საწარმოს აქვს თავისი მისამართი და ყავს ადამიანები დასაქმებული და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება მოქმედ ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობას, გაიზარდა 55 ათასით და მათი ჯამური ბრუნვა გაზრდილია 2,5-ჯერ, 108-მილიარდ ლარამდე.

ექსპორტთან მიმართებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, სოფლის მეურნეობა გახსოვთ როგორი ჩაგდებული იყო 2012 წლამდე, რადგან წინა ხელისუფლების დროს აბსოლუტურად არ იყო სოფლის მეურნეობა სტრატეგიულ მიმართულებაში და ამას არავინ აქცევდა ყურადღებას. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 75 პროცენტით და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირებულია 53 პროცენტით. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული შედეგი გვაქვს ამ მიმართულებით და ცხადია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაც შეიძლება მეტი საწარმო, მეტი წარმოება გავაჩინოთ ჩვენს ქვეყანაში. ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს და, საბოლოოდ, ჩვენ მივაღწევთ სასურველ შედეგს მას შემდეგ, რაც დავძლევთ იმ კრიზისულ ვითარებას, რაც პანდემიიდან არის გამოწვეული”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები