თბილისის აბანოები – ადგილობრივი ბოჰემისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი
აბანოების უბანი თბილისის უძველესი ნაწილია. ამ ადგილზე წარმოიშვა, როგორც ჩანს, პირველი დასახელება, აქ დაირწა თბილისის აკვანი. როგორც თ. კვირკველიას წიგნში – „ძველთბილისური დასახელებანი“ – ვკითხულობთ, ამ უბანსა და მიმდებარე ტერიტორიას საკუთრივ “ტფილისს” უწოდებდნენ. იგი უშუალოდ ემიჯნებოდა ქალაქის ციხეს – კალას. აბანოების უბანსა და მის მიმდებარე სეიდაბადში (დასახელება გვიანდელია) შუა საუკუნეებში უმეტესად სპარსელები სახლობდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ „ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ, არს მით აბანო ექვსნი… აქ დაასხა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს“.
ვახუშტი ბაგრატიონი აბანოების უბანს სეიდაბადის ერთ ნაწილად წარმოგვიდგენს. ოფიცერ ჩუიკოს მიერ შედგენილ 1800 წლის გეგმაზე მხოლოდ აბანოების უბანია ნაჩვენები, რადგან სეიდაბადის დანარჩენი ტერიტორია ამ დროისათვის დასახლებული აღარ ჩანს და მთლიანად ბაღებითაა დაფარული.
თბილისის აბანოები იხსენიება ძველ საბუთებში და მოგზაურთა აღწერებშიც. მე-10 საუკუნის არაბი გეოგრაფის აღწერით, „აქ წყალი უცეცხლოდ დუღს“.
ვახუშტი ქალაქში ექვს აბანოს ითვლიდა, როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს შეეწირა, რადგან 1800 წლის გეგმაზე მხოლოდ ოთხი აბანოა ამ უბანში აღნიშნული. მე-19 საუკუნის შუა ხანის თბილისის გეგმაზე კვლავ ექვსი აბანოა დატანილი. საინტერესო ცნობებს ვპოულობთ მეფე გიორგი მეთორმეტის ერთ-ერთ სიგელში, სადაც, სხვათა შორის, მეითარისა და ბებუთას აბანოების ერთგვარი ლოკალიზაციაა მოცემული. ბებუთას აბანო მეითარის აბანოს დასავლეთით, თაბორის მხარეს ყოფილა. როგორც მე-19 საუკუნის გეგმებიდან ირკვევა, ციხის კართან ყველაზე ახლოს თბილისის (სიონის) აბანო იყო განლაგებული. მას გვიან ერეკლეს აბანოსაც უწოდებდნენ. მის დასავლეთით, ოდნავ მოშორებით კი მელიქის აბანო მდებარეობდა. ძველ აბანოთაგან, ერეკლეს აბანოს გარდა, აღნიშნულია მეითარის (მე-17 საუკუნის პირველი ნახევარი), ენალას (მე-17 საუკუნე), გრილი აბანო (მე-17 საუკუნე), ბებუთასი (ასევე მე-17 საუკუნე). მეითარის აბანოს სუმბათოვისა ეწოდა. გრიგოლ აბანოს, რომელიც მტკვრის სიახლოვეს მდებარეობდა, შიოევის აბანოსაც უწოდებდნენ. აბანო იყო ციხის გალავნის შიგნითაც – „ხოჯას აბანო“, ეს ის აბანოა, სადღაც აღა-მაჰმად-ხანს განკურნება უცდია და გაცბუნებულს მისი დანგრევა უბრძანებია.
აბანოების სახელები ხშირად მისი მფლობელის სახელიდან ან თანამდებობიდან გამომდინარეობდა, ამიტომ, იცვლიდა ხოლმე აბანო სახელწოდებას იმის მიხედვით, თუ ვის მფლობელობაში იყო იგი. აბანოს სახელწოდება მისი დამახასიათებელი თავისებურებებიდანაც მიდიოდა (გრილი აბანო, პატრუქის აბანო). ენალა ქალაქის მელიქი იყო 1655-1672 წლებში. მას ხელახლა აუშენებია აბანო და წყალი დაუთხანის აბანოდან გამოუყვანია. ზოგიერთი მკვლევარი ენალას აბანოდ მე-19 საუკუნეში მირზოევის აბანოდ წოდებულ შენობას მიიჩნევს, რომელიც მირზოევამდე ზუბალაშვილს ეკუთვნოდა.
აბანოებს, ძირითადად, ირანული არქიტექტურის კვალი აჩნიათ. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა „ჭრელი აბანო“, სახელწოდება მან მიიღო სხვადასხვა ფერის ფილებისაგან, რომლებითაც მოპირკეთებულია მინარეთისმაგვარი კოშკებით დაგვირგვინებული მისი პორტალი.
ძველი თბილისის აბანოებს მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება როდი ჰქონდათ. ისინი, გარკვეულწილად, საზოგადოებრივ დანიშნულებასაც ასრულებდნენ. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „წინათ აბანო მსურველთათვის ღია იყო, ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო ზოგჯერ ჩამოსული გლეხისათვის სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა. საქონელს ბაკში მირეკავდა, თვითონ კი, გაბანილ-გასპეტაკებულს, ორშაურად მთელ ღამეს აბანოში არხეინად ეძინა… აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ და სადილობდნენ კიდეც… მერე ჩაის სმა იწყებოდა… ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც. გარდა ამისა, ქალებს საშუალება ეძლეოდათ, აბანოში გამოეფინათ თავიანთი ტუალეტები და ძვირფასი სამკაულები… ქალს ახალი ტანისამოსი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვა… რასაკვირველია, მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას. ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა აბანოში, ბევრი სანდომიანი „ქალი და რძალი“ გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოჩენია გატიტვლებულ ქალს“.
აბანოებში დროსტარება ხშირად ფინალი იყო თბილისელი მოქეიფე ბოჰემისათვის. ბაღებში დაწყებული ქეიფი აბანოებში მთავრდებოდა ხოლმე.