მამუკა არეშიძე: სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებით შესაძლოა, მივიღოთ ფართომასშტაბიანი ომი კავკასიაში
“აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების განახლება მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ვეჭვობ, რომ ამ პოლიტიკური მოთამაშეების სურვილების რეალიზაცია დაიწყო”, – ასე აფასებს კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენებს.
არეშიძის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებით შესაძლოა, კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომი მივიღოთ.
“აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების განახლება მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ვეჭვობ, რომ ამ პოლიტიკური მოთამაშეების სურვილების რეალიზაცია დაიწყო. ერთმნიშვნელოვნად რთულია იმის თქმა, თუ ვისი მხრიდან. არ არის გამორიცხული, ამ პროცესების უკან იდგეს რუსეთი, რომელსაც სურს სამხრეთ კავკასიაში ერთხელ და სამუდამოდ გაამყაროს საკუთარი გავლენა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს არც თურქეთის სურვილი, რომ თავისი გავლენა დაიბრუნოს ამ რეგიონზე, რისკენაც კარგა ხანია, ისწრაფვის. დაწყებულია რუსეთისა და თურქეთის ბრძოლა სამხრეთ კავკასიისთვის, თუმცა, მათ უკანაც საკმაოდ სერიოზული ძალები მოიაზრება. ერთი შეხედვით აშკარად არ ჩანს აშშ-ის ინტერესები, მაგრამ, მეორე მხრივ, შავი ზღვის გაკონტროლების მზარდ სურვილს ნატო არც მალავს. პარალელური სამხედრო წვრთნებიც ამაზე მიუთითებს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, თუ ყარაბაღის კონფლიქტი მასშტაბურად განახლდა, ყველა მოთამაშე შეეცდება მეტი დივიდენდის მოპოვებას. წინა პლანზე იქნებიან თურქეთი და რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პარტნიორები არიან, მათი ინტერესები ბევრ საკითხში კვეთს ერთმანეთს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. პროცესების ლოგიკა გვაჩვენებს ასეთ რამეს: როგორც ჩანს, მსხვილ მოთამაშეებს თავუზის საზღვრის მონაკვეთში ეს კონფლიქტი არ აწყობდათ და პროცესები ისევ ყარაბაღში გადავიდა. თუ დაპირისპირება 3-4 დღეზე მეტხანს არ გაგრძელდა, ეს იქნება რიგითი ინციდენტი, მაგრამ თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, გაგრძელდა ყარაბაღის საზღვრის მთელ პერიმეტრზე და დაერთო ინტენსიური სამხედრო ოპერაციები, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ამით მსხვილი მოთამაშეები არიან დაინტერესებული. ასეთ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის, საქართველოს მძიმე დღეები დაუდგება.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ამ ვითარებაში – მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო. დაპირისპირებულ მხარეებს თბილისი უნდა შესთავაზონ მოლაპარაკების პლატფორმად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ შეთავაზებად დარჩება და საქმედ ვერ იქცევა, რადგან მოვლენების განვითარების ლოგიკა, თუნდაც რუსეთისა და გაეროს ბოლოდროინდელი ურთიერთობა ცხადყოფს, რომ რუსეთმა გადაწყვიტა გადადგას რადიკალური ნაბიჯები, მით უფრო, რომ სანქციების გამო ის ვერაფრით ახერხებს დასავლეთთან საერთო ენის გამონახვას და მოქმედებს პრინციპით, სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო. თურქეთიც გეოპოლიტიკურ რეალობაში დაახლოებით ასეთ განწყობაზეა და მისი ამბიციები, როგორც რეგიონული ლიდერისა, მუდმივად მისივე პარტნიორების ინტერესებს ეჯახება”, – აცხადებს არეშიძე.
კითხვაზე – რა შეიძლება, იყოს პროცესების განვითარების ყველაზე უარესი სცენარი? – რესპოდენტი პასუხობს – “ფართომასშტაბიანი ომი კავკასიაში. მოვლენების განვითარების სხვადასხვაგვარი მოდელირება შეიძლება. ერთ მაგალითს ვიტყვი მხოლოდ – რუსეთმა შეიძლება სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის განმტკიცება სცადოს, ჩააყენოს ე.წ. სამშვიდობოები ყარაბაღის ტერიტორიაზე და ასევე აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების მთელ პერიმეტრზე, მათ შორის, თოვუზის რაიონში, რაც ნიშნავს, რომ ის გარკვეულწილად გააკონტროლებს ენერგოდერეფნებს სამხრეთ კავკასიაში. არ არის გამორიცხული, ბოლოს და ბოლოს, ხელები გადაუგრიხოს აფხაზებსაც და დაითანხმოს ისინი რუსეთთან სრულ ინტეგრაციაზე. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება, მოხდეს – დაბრუნდეს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში არა მარტო როგორც ოკუპანტი, არამედ მთავარი სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორი და მოახდინოს ამ ქვეყნების ნაწილობრივი ოკუპაცია, რაც ნამდვილად არ აწყობს თურქეთს და ამის საწინააღმდეგოდ ძალ-ღონეს არ დაიშურებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სცენარის რეალიზაცია არ მოხდება.
გაჩნდა კითხვა, ეს პროცესები ჩვენს არჩევნებს ხომ არ უკავშირდება. ვფიქრობ, ეს ჩვენს არჩევნებს არა, მაგრამ შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ისევე, როგორც 2008 წელს, ამერიკა დღესაც საარჩევნო პროცესშია ჩართული და ნამდვილად ნაკლებად სცალია სამხრეთ კავკასიისთვის, რაც მშვენივრად იციან კრემლში. სხვათა შორის, ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნება სტოლტენბერგისა და გიორგი გახარიას შეხვედრა, რომელიც 29 სექტემბერს უნდა გაიმართოს”.