ტრამპი – ყარაბაღზე: ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ყველაფრის შეჩერებას
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ვაშინგტონი რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ვითარების დეესკალაციის მისაღწევად საკუთარ კავშირებს გამოიყენებს.
“ჩვენ ამ რეგიონში კარგი ურთიერთობები გვაქვს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ყველაფრის შეჩერებას”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შექმნილ ვითარებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა.
უწყება დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს
ასევე, ნათქვამია, რომ ვაშინგტონი გმობს ძალადობის ესკალაციას.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ პომპეოს მოადგილე სტივენ ბიგანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან – ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან – ზორაბ მნაცაკიანთან და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ასევე, ვაშინგტონში დარწმუნებული არინ, რომ ძალადობის ესკალაციაში გარე ძალების მონაწილეობა პრობლემას ვერ მოაგვარებს, რაც რეგიონში დაძაბულობას გაზრდის.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.