გიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და, პირველად მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა დისტანციურად გაიმართება.
საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა Covid-19-ის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ოკუპაცია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა და სხვა.
საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა თბილისის დროით დღის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.