“საქართველოსა და აზერბაიჯანს, როგორც ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებს, აკავშირებთ მჭიდრო ურთიერთობები კულტურის, ჰუმანიტარულ და განათლების საკითხებში”
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება მნიშვნელოვანი განზომილებაა.
მისი თქმით, სწორეს ეს მიმართულება წარმოადგენს იმ პოზიტიური დინამიკის საფუძველს, რაც არის ჩამოყალიბებული ორმხრივად საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაში და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს.
„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, შევაფასეთ, თუ რა იყო დღემდე, როგორ მოვედით და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. მაგალითად 2019 წელს, სექტემბერში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში საზეიმოდ გაიხსნა ქართული საშუალო სკოლის ახლადაშენებული შენობა და მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო უშუალოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის მხარდაჭერით. სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი და დღეს იქ 160 მოსწავლეზე მეტი იღებს განათლებას, ეს არის სწორედ გამოძახილი ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე
საგარეო საქმეთა მინისტრმა კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ეკლესიაში ჩატარებული წირვა-ლოცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოსთან კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. დავით ზალკალიანის განცხადებით თავის მხრივ საქართველო ზრუნავს აზერბაიჯანული კულტურის, ენისა და თვითმყოფადობის გაძლიერებასა და განვითარებაზე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედებს აზერბაიჯანული სკოლები, კულტურისა და განათლების ცენტრები, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურისა და განათლების სამინისტროები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
„გასული წლის ოქტომბერში ბოლო 120 წლის განმავლობაში პირველად ჩატარდა საზეიმო წირვა კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ეკლესიაში. აღნიშნული მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი დიდი ყურადღებით ეპყრობიან ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები საქართველოსთან კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის განვითარებას. ჩვენი მხრიდანაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, იგივე აზერბაიჯანული ენის სწავლების თვალსაზრისით საქართველოში როგორც სკოლებში, ასევე – უმაღლეს სასწავლებლებში და საგანმანათლებლო ცენტრებში, არის სურვილი გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას ჰეიდარ ალიევის სახელობის თეატრთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მდებარეობს. პოლიტიკური ნება არსებობს და ჩვენ ხელს არაფერი შეგვიშლის, დავსახოთ ახალი პროექტები, ახალი მიზნები და წარმატებით მივაღწიოთ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.