გიორგი ცუცქირიძე: აჟიოტაჟი გადავლილია, უარყოფითი მოლოდინების ეფექტიც ასახულია გაცვლით კურსში, უკვე ლარის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ

რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება და როგორია პროგნოზი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით? – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა, გიორგი ცუცქირიძემ გააკეთა.

ცუცქირიძის თქმით, ლარის გაუფასურებაზე გავლენა ეპიდვითარების გაუარესებამ მოახდინა, რადგან ეკონომიკის ხელახალი ჩაკეტვის შიში გაჩნდა. მისივე განმარტებით, ერთერთი ფაქტორი წინასაარჩევნო პერიოდიცაა.

„რატომ უფასურდებოდა ლარი? დღეს ეს კითხვა ბევრს აწუხებს. ამ საკითხის შეფასებისას აქცენტები შემცირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გადადის ხოლმე, რაც ვფიქრობ, შეცდომაა.
პირდაპირ უცხოურ ინვერსტიციებს სავალუტო ბაზარზე, განსხვავებით ეკონომიკაზე მისი საშუალო და გრძელვადიანი ზეგავლენისაგან, არ აქვს ისეთი ეფექტი, როგორც – უცხოური ვალუტის გამომუშავებელ სხვა ფაქტორებს. აქ, პირველ ყოვლისა, ექსპორტი იგულისხმება, ასევე, ფულადი გზავნილები და საერთაშორისო ტურიზმი.
დავიწყოთ ექსპორტით – საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 2 071, 4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 14, 7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტის მოცულობამ 4 951, 4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 17, 5 პროცენტით ნაკლები.

აქედანაც ჩანს, რომ, მიუხედავად სავაჭრო ბრუნვის შემცირებისა, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 2 880, 0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41, 0 პროცენტია და ასევე ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 1.5 %-ით. რაც მთავარია, მიუხედავად ექსპორტის შემცირებისა, კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული იმპორტი, ანუ წმინდა ექსპორტი ბალანსში დადებით დინამიკას ინარჩუნებს. სწორედ წმინდა ექსპორტის დადებითი დინამიკა ზემოქმედებს ასევე პოზიტიურად და არა – ნეგატიურად სავალუტო კურსზე.
მეორე, უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო არის ფულადი გზავნილები. 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184, 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.8%-ით მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეს გარემოებაც, განსაკუთრებით – გლობალური კრიზისისას პოზიტიურად უნდა შეფასდეს.

რაც შეერხება უცხოური ვალუტის გამომუშავების კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს, საერთაშორისო ტურიზმს – მისი ეფექტი ძალზე მცირეა, რადგან უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ამ სექტორის გაჩერების გამო, ფაქტობრივად, ნულამდეა დასული. სამაგიეროდ, მისი კონპენსაცია, გარკვეულწილად, საერთაშორისო დახმარებებმა დააბალანსა.

კიდევ ერთი ფაქტორი არის ფისკალური ხარჯები და მისი ზეგავლენა სავალუტო კურსზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტო-სექტემბერში მთავრობამ განახორციელა სხვადასხვა სოციალური დახმარების პაკეტები, მათ შორის, 17 წლამდე პირებზე ერთჯერადი, 200 -ლარიანი დახმარების სახით, მოსალოდნელია, რომ ლარზე დაწოლა გაზრდილიყო. რასაც ემატება პარტიების მხრიდან წინასაარჩევნო ხარჯების, მათ შორის, რეკლამებზე გაწეული ხარჯები, რაც ზრდის სარეზეროვო ფულსა და მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასას”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ლარის გაუფასურების ყველაზე სავარაუდო სცენარი უარყოფითი მოლოდინები და, ნაწილობრივ, ფისკალური ხარჯების ზრდაა.

„მაგრამ წამყვანი ფაქტორი, რაც დღეს ლარის გაუფასურებაზე ზემოქმედებს, მაინც იყო უარყოფითი მოლოდინები. ლარმა რყევა და გაუფასურების აღმავალი ტრენდი მას შემდეგ დააფიქსირა, რაც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა მკვეთრად გაიზარდა.
სამწუხაროდ, სტატისტიკა მზარდია მთელს მსოფლიოში, მოლოდინებზე მხოლოდ ნეგატიურად აისახება ე.წ მეორე ტალღის შესაძლო სცენარიც, რაც ეკონომიკის მორიგ „ლოქდაუნს“ უდრის. ასეთ პირობებში, პირველ ყოვლისა, ბიზნესი იწყებს რისკების დაზღვევასა და სადოლარე ანგარიშებზე თანხების გადატანას. მოსახლეობის ნაწილიც ანალოგიურად იმარაგებს უცხოური ვალუტას, აქვს ამის საჭიროება, თუ არა. ამის შემდეგ წარმოიქმნა კიდეც ზედმეტი დაწოლა ლარის კურსზე”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ.

„არ მგონია, რომ კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი. პირველი დღეების აჟიოტაჟის ტრენდი გადავლილია და უარყოფითი მოლოდინების ეფექტიც უკვე ასახულია გაცვლით კურსში. შესაბამისად, უკვე ლარის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ. შესაბამისად, არც ფასების რაიმე კატასტროფული ზრდაა მოსალოდნელი, რასაც ცალკეული, ძირითადად, ოპოზიციის მხარდამჭერი მედიასაშუალებები გვამცნობენ”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2641 ლარია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები