აშშ-ის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამა უფლისციხეში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი, უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ნაქალაქარზე, კომპლექსური მონიტორინგის სისტემისა და დაცვის გადაუდებელი ღონისძიებების გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში, კრიტიკული კლდოვანი მასივების გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებს.
სამუშაოები საქართველოში აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსების საფუძველზე წარმოებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, მულტიდისციპლინური კვლევის პროგრამა, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება, ე.წ. კლდის ძეგლის რთულ გეოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი უბნების კონსოლიდაციას ითვალისწინებს და მასში უმაღლესი სასწავლებლის სპეციალისტები და სტუდენტები იტალიელ ექსპერტებტან ერთად არიან ჩართულნი.
„ამ ეტაპზე საკონსერვაციო სამუშაოები უფლისციხის ქარაფზე მიმდინარეობას, სადაც მეკლდეურების მიერ აგებული დაკიდებული ხარაჩოს მეშვეობით კლდის მასივის ბუღვა და მასზე ცალკეული კლდოვანი სეგმენტების დაანკერება ხდება.
ფიზიკური სამუშაოები 21 სექტემბერს საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურულმა ატაშემ მის გუნდთან ერთად მოინახულა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში წარდგენილი უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის, რომელიც მიმდინარე ეროზიული პროცესებით, ბუნებრივი კატასტროფებითა (მიწისძვრები) და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული სტრუქტურული შლის საფრთხის ქვეშაა, სამეცნიერო კვლევითი დოკუმენტის შედეგად დაცვის სრულფასოვანი მექანიზმები ინერგება.
ძეგლის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით უკვე ინსტალირდა ძეგლის მონიტორინგის კომპლექსური სისტემა, რომლის საშუალებითაც კლდოვანი მასივის კრიტიკული არეალები გამოვლინდა და კლდის შესაძლო ნგრევის საწინააღმდეგო ღონისძიებები ნაწილობრივ გატარდა.
ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ძეგლის კონსერვაციის მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. პროგრამის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით გადაწყდა, რომ უფლისციხის პროექტი კიდევ ერთი წლით გარძელდება და 2021 წელსაც მოიცავს, რაც ქართველ სპეციალისტებს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად სხვა კრიტიკული უბნების გამოვლენისა და კონსერვაციის საშუალებას მისცემს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და აშშ-ს ელჩის თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი კვლევითი სამუშაოებისთვის 199,600 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას გულისხმობს. უფლისციხის კომპლექსური მონიტორინგის სისტემის პროექტი საქართველოში ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო საგრანტო პროგრამის გამარჯვებულად 2019 წლის სექტემბერში გამოცხადდა.
საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურადაა ჩართული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და შენარჩუნებისთვის აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდს 2001 წლიდან მიზნობრივად 1 მილიონ დოლარზე მეტი თანხა აქვს გამოყოფილი. განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია ანტიკური ხანის არმაზისციხის კონსერვაციის, სვანეთის მუზეუმში დაცული უნიკალური ხატების კონსერვაციისა და გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტები“, – აღნიშნულია  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები