გიორგი კახიანი: ჩვენი მხარდაჭერა 60%-ის ფარგლებშია, რაც არჩევნების შედეგებზე აუცილებლად აისახება

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი განწყობაა საზოგადოებაში პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის, ჩვენთან მიმართებით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად შეძლებს.

„ეს კვლევები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის ჩამოყალიბებას პარლამენტში და ცხადია, ჩვენ დამოუკიდებლად მოვახდენთ მთავრობის ფორმირებასაც. ამას აჩვენებს ყველა კვლევა, თუ ამას რეალისტურად და ობიექტურად შევხედავთ. რაც შეეხება IPSOS-ის კვლევებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით იყო წარმოდგენილი, ეს ხომ სასაცილოა და ამაზე რეალური კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. მანამდე გამოქვეყნდა ბატონი კეზერაშვილის „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული კვლევები. ეს კვლევებიც კი რადიკალურ აცდენაშია ერთმანეთთან. იმ კვლევებით, რომელმაც „ქართულ ოცნების“ ალოკაციის გარეშე რეიტინგი აჩვენა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ალოკაციის მეთოდით განესაზღვრა იგივე რეიტინგი. ანუ მათი კვლევებიც კი არის ერთმანეთთან აცდენილი. ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში. ეს აუცილებლად გამოჩნდება არჩევნების შედეგებით. რაც დრო გადის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ჯგუფების რეიტინგი იკლებს. დღეს, რეალურად, მათი რეიტინგი 15-17 % -ის ფარგლებში აქვთ, პლუს-მინუს 1-2 %. ეს ხომ ერთი იდეოლოგიისა და ერთი ღირებულებების პოლიტიკური ჯგუფებია?! მაგრამ დღეს ერთმანეთს ეკინკლავებიან ამ 15-17 %-ის ფარგლებში, ვინ რამდენი ხმა აიღოს. ჩვენ კი ვფიქრობთ იმაზე, ქვეყანა როგორ განვითარდეს. ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები