თამარ ჩიბურდანიძე: დღეს დასანქცირებული “იმედი” უფრო გავლენიანია ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე თავად ბრიტანეთის ხელმძღვანელობა და მათი მცდელობა, ჩაახშონ “იმედის” სიტყვა საქართველოში
“იმედი” საქართველოს ტელებაზარზე შემოვიდა მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი იმედის სხივს ეძებდა საქართველოში. ტყუილებით და პოლიტიკური მიკერძოებით გაჟღენთილ ქართულ მედიასივრცეში “იმედი” ნამდვილად იყო მართალი სიტყვის მიმწოდებელი, რის გამოც სააკაშვილის რეჟიმის რისხვა საკუთარ თავზე იწვნია”, – ამის შესახებ თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
“იმედი” მაყურებელმა გადაარჩინა ყურებადობის და მისდამი სანდოობის გამოხატულებით.
იმ სისხლიან რეჟიმს გადარჩენილი ტელევიზია დღეს ისევ იმავე რეჟიმის დარტყმის ობიექტი გახდა მათივე საერთაშორისო თანამზრახველების მხრიდან. დღესაც “იმედის” ყოფნა-არყოფნა მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული და არა ბრიტანეთის ან ევრობიუროკრატების პოლიტიკურ განზრახვაზე – ქართველ ხალხს წაართვან ყველაზე რეიტინგული და სანდო ტელევიზია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბრიტანეთის სანქციების შემდეგ ამ ტელეკომპანიისადმი ქართველი ხალხის ნდობა და ყურებადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ასე ხდება მაშინ, როდესაც ჰგონია ოპოზიციას, რომ საერთაშორისო ბერკეტებს ეფექტურად გამოიყენებენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ვეღარ დარწმუნდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის უკვე მეასეხარისხოვანია, რას იტყვის უცხოეთი? მათთვის უპირატესია, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას.
მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დასანქცირებული “იმედი” უფრო გავლენიანია ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე თავად ბრიტანეთის ხელმძღვანელობა და მათი მცდელობა, ჩაახშონ “იმედის” სიტყვა საქართველოში.
დღეს ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოებრიობას ჰაერივით სჭირდება ტელეკომპანია “იმედი” მისი მაღალი დონის პროფესიონალიზმით, რეალური პოლიტიკით და მაყურებლის უდიდესი ნდობით.
ვულოცავ ტელე “იმედის” თითოეულ თანამშრომელს იუბილეს და ვუსურვებ ძალიან დიდხანს არსებობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!”, – წერს ჩიბურდანიძე.