ვინ არის „მწვანე კაცუნების“ მოყვარული მარგო სიმონიანი, რომელიც ნანობს, რომ რუსებმა თბილისი არ აიღეს და უნდა, რომ კრემლმა სომხებს მიაფურთხოს

ბელარუსში აქციები და საპროტესტო ტალღა უკვე მეორე თვეა, არ წყდება, თუმცა, ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტის პოსტის დათმობას კვლავ არ აპირებს. მეტიც, ის დასაყრდენ ძალას კრემლში ხედავს და ვლადიმერ პუტინთან გულთბილი შეხვედრაც გამართა. ლუკაშენკოს აქტიურ მხარდაჭერას კრემლის პროპაგანდისტული მანქანაც უცხადებს. ეს არა მხოლოდ რუსულიმედია საშუალებების ნარატივიდან ჩანს, არამედ – იმ სკანდალური განცხადებიდან, რომელიც Russia Today(RT)-ს ხელმძღვანელმა, ოდიოზურმა მარგარიტა სიმონიანმა გააკეთა. სიმონიანმა საკუთარ „ტვიტერზე“ ბელარუსთან დაკავშირებით ისეთი რამ დაწერა, რასაც, ალბათ, კრემლში მყოფი მისი კურატორებიც კი არ ელოდნენ. მისმა ამ ჩანაწერმა ისეთი არნახული ლანძღვა გამოიწვია, სოციალური ქსელების შემქმნელებიც კი გაწითლდნენ. რუსეთის უმსხვილესი საერთაშორისო მედიის მთავარმა რედაქტორმა კრემლს მეზობელ სახელმწიფოში პირდაპირი შეჭრისა და ანექსიისკენ დაუფარავად მოუწოდა: „რა თქმა უნდა, დროა, ზრდილობიანმა ადამიანებმა წესრიგი დაამყარონ. როგორც იციან ხოლმე“. ფაქტობრივად, სახელმწიფო მოხელემ, სიმონიანმა გააჟღერა ის რეალობა, რომელსაც მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე წლებია, უარყოფს.

და ვინ არიან „ზრდილობიანი ადამიანები“, ასევე, „მწვანე კაცუნები“ და რატომ გახდა RT-ის მთავარი რედაქტორის ეს ფრაზა უამრავი ადამიანის აღშფოთების მიზეზი? „ზრდილობიან ადამიანებს“ იმ შეიარაღებულ პირებს უწოდებენ, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნიათ, მაგრამ რუსი სამხედროები არიან. ფაქტობრივად, ეს ვლადიმერ პუტინის „პირადი არმიაა“. 2014 წლის თებერვალ-მარტში „ზრდილობიანი ადამიანები“ მოულოდნელად სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე – ყირიმში, სამხედრო ნაწილებთან, ადმინისტრაციულ შენობებსა და აეროპორტთან გამოჩდნენ. იქ მათ ბლოკირება გაუკეთეს და კონტროლქვეშ აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები. და სწორედ ასე დაიწყო ყირიმის ანექსია. დაპყრობილი სიმფეროპოლის ცენტრში ამ „მწვანე კაცუნებს“ უკვე ძეგლიც დაუდგეს – რუსეთის მოქალაქეებმა თურმე ამისთვის 5 მილიონი რუბლი შეაგროვეს. რა თქმა უნდა, ის პოზიტივით სავსე მონუმენტია – რუსი სამხედრო, ბედნიერი გოგონა და ფუმფულა კატა, საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების მიხედვითაა შექმნილი.

მართალია, მსგავსი ექსტრემისტული მოწოდებები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით მკაცრად ისჯება და ნაკლების გამოც რუსულ კოლონიაში არაერთი ადამიანი მოხვედრილა, მაგრამ, ბუნებრივია, ეს მარგარიტა სიმონიანს არ ეხება. მას ალექსანდრე ლუკაშენკომ ვერაფერი უპასუხა, რადგან, ალბათ, პუტინის ცნობილ მედიამსახურს შეპასუხებას ვერ ჰკადრებდა, სამაგიეროდ, სიმონიანს საკადრისი პასუხი სხვა ბელარუსებმა გასცეს. მათ შორის იყო ბელარუსის ოპოზიციის კანდიდატი, ვალერი ცეპკალო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დაუშვეს. „როგორმე უთქვენოდ გავერკვევით”, – უპასუხა მან მარგოს.
„სახელმწიფო ჩინოვნიკის საკმაოდ პასუხისმგელიანი პოზიციაა. ქვეყანას არცხვენთ. როდისღა გადაშენდებით ჩვენი ისტორიის ბნელ წარსულში“; „მარგო, ამის გამო მაინც აგებ პასუხს. შეცოდების იმედი ნუ გექნება. იქ კი ბესლანის ბავშვები დაგხვდებიან. და შენ ამას ხვდები“; „როგორც მესმის, მომავალში ამის გამოყენება ჰააგის სასამართლოში იქნება შესაძლებელი?“ – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მოსაზრებებისა, რომლებიც სიმონიანის ყოვლად უგვანო და თავხედურ განცხადებას სოციალურ ქსელებში მოყვა. ეს არ არის სიმონიანის პირველი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ასეთ აღშფოთებას იწვევს.

ამას გარდა, 18 ივლისს თავის „ტელეგრამის“ არხის საშუალებით მან სომხეთის ხელისუფლება რუსეთის სტრატეგიული ინტერესების უგულებელყოფაში, პრორუსულად განწყობილი სომეხი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების დევნაში, კავკასიაში სომხეთის „ანტირუსულ პლაცდარმად“ გადაქცევაში დაადანაშაულა.

„რუსეთისგან მიღებული მრავალწლიანი სიკეთისა და დაცვის პასუხად, თქვენ არ აღიარეთ ყირიმი. და ახლა, როცა თქვენს საზღვარზე ომია, როდესაც საკუთრივ თქვენი რეჟიმის არსებობას ემუქრება საფრთხე, თქვენ გაგახსენდათ, რომ რუსეთმა კვლავ უნდა გადაგარჩინოთ. სინამდვილეში, ყველაფერი იმის შემდეგ, რაც თქვენ გააკეთეთ, რუსეთს აქვს მორალური უფლება, მოგაფურთხოთ და გაგსრისოთ“, – დაწერა მარგარიტა სიმონიანმა. მან ისიც აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთი ასე არ მოიქცევა, არამედ კვლავ გაუწოდებს დახმარების ხელს სომეხ ხალხს. ალბათ, მაშინაც „ზრდილობიანი კაცუნები“ იგულისხმა, თუმცა, პირდაპირ არ დაუწერია, მეტი სითამამე კი ერთი თვის შემდეგ ბელარუსის მიმართულებით გამოიჩინა. არანაკლებ გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ სიმონიანის ეს პოსტი კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის მოსკოვის სამდივნომ სოციალურ ქსელებში „გადააზიარა“. თუმცა, მოგვიანებით, პოსტი წაშალა და მომხდარს ,,ტექნიკური ხარვეზი,, უწოდა. ნატო-ს საპირწონედ შექმნილი ეს ორგანიზაცია უკვე 18 წელია, მოქმედებს. მოსკოვის ფრთის ქვეშ არსებულ ამ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში ექვსი ქვეყანა შედის: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი. სიმონიამა სომხეთის ხელისუფლება კიდევ ბევრ რამეში დაადანაშაულა, თუმცა, მას ღირსეული პასუხი არა მხოლოდ პრემიერმა ფაშინიანმა, არამედ სომხეთის სხვადასხვა წრის, ფენის თუ პოლიტიკური სტატუსის მქონე ადამიანებმაც გასცეს. მან თვისტომები იმდენად გააბრაზა, რომ ბოლოს ამდენი სიძულვილი ვერ აიტანა და სოციალურ ქსელში სომეხი კომენტატორების დაბლოკვა დაიწყო. მათ შორის იყვნენ ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სხვა.

მარგარიტა სიმონიანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტია, რომელიც თავს ,,ჟურნალისტს,, უწოდებს. 2005 წელს, 25 წლის ასაკში ის Russia Today (RT)-ის მთავარ რედაქტორად დანიშნეს. Russia Today პირველი რუსული საინფორმაციო ტელეარხია, რომელიც ინგლისურ ენაზე 24 საათს მაუწყებლობს. RT სახელმწიფოსგან ყოველწლიურად 20 მილიარდ რუბლზე მეტს იღებს. 2013 წელს საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня -ს გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი კისელიოვმა სიმონიანი ამავე სახელწოდების საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მთავარ რედაქტორად დანიშნა. სიმონიანის ხელმძღვანლობის ქვეშ მოქმედი ორივე სტრუქტურა რუსეთის ხელისუფლების მიერ ფინანსდება და უმსხვილეს პროპაგანდისტულ მედიას წარმოადგენს. კრემლის „კარმუშკიდან“ კარგად ნაკვები მარგარიტა სიმონიანი და მისი მეუღლე, წამყვანი ტიგრან კეოსაიანი სხვა წყაროებითაც აქტიურად საზრდოობენ. როგორც ირკვევა, კეოსაიანს НТВ-ზე მიჰყავს გადაცემა  –  „საერთაშორისო პილორამა“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი მარგო სიმონიანია. ცოლ-ქმარმა 3 წლის განმავლობაში ამ გადაცემის ფორმატში სახელმწიფო კომპანიებისგან 700 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო. ამ „სატირულ“ გადაცემაში კეოსაიანი მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერს აბუჩად იგდებს, დასცინის, უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს, სამ ასოზე უშვებს, ხოლო ვლადიმერ პუტინს მუდმივად მოიხსენიებს, როგორც „ხაზაინს“. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ალექსეი ნავალნიმ ოდიოზური ცოლ-ქმრის ფინანსებსა და საქმიანობაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ სიმონიან-კეოსოანის ტანდემი ფინანსური მაქინაციების წყალობით მილიონებს სწორედ ამ გადაცემის მეშვეობით შოულობენ, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, მათი „ხაზაინისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს. ალბათ, არც ისაა პრობლემა, რომ პათოლოგიური სიხარბით შეპყრობილმა ქალბატონმა პირადი მანქანა თავისივე კომპანიას – Russia Today -ს იჯარით მიაქირავა, ქმრის გადაცემას Russia Today-ს სტუდიაში აკეთებს და ამისთვისაც Russia Today-ს შტატიან თანამშრომლებს იყენებს, თუმცა, ამისთვის ცალკე ანაზღაურებას არ უხდის. ნავალნის გამოძიებას ცოლ-ქმრის ბიზნესსა და ფინანსურ წყაროებზე ყოვლის მომცველი და ღრმა სახელწოდება –  „პარაზიტები“ აქვს. მუდმივი და საუცხოო პიარისთვის, მესამე პირებზე გაფორმებული, სიმონიანისა და კეოსაიანის კამპანიების ყულაბაში ФСБ-ს საქველმოქმედო ფონდიც რიცხავს.

როგორც ბევრი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი ფიქრობს, სიმონიანის განცხადებები მხოლოდ სკანდალური გამოხტომები არ არის. არსებობს მოსაზრება, რომ მედია შტურმისა და ასეთი პერსონების მიერ გაჟღერებული ძალადობრივი, აგრესიული და შეურაცხმყოფელი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მიერ ჩატარებული ტესტები რუსეთის თუ სხვა ქვეყნის საზოგადოებებისთვის. 1 წლის წინ სიმონიანმა საქართველოს შესახებაც „რუსული დათვის“ სახელით საკმაოდ თავხედური და ცინიკური განცხადება გააკეთა. ცოტა ხნის წინ კი ასევე სოციალურ ქსელში მან წუხილი გამოხატა იმის გამო, რომ რუსმა ოკუპანტებმა 2008 წელს თბილისი არ აიღეს. მოკლედ, სიმონიანი ისეთი ტემპებით მიდის, მალე მასაც ისევე დაუდგამენ ძეგლს სადმე პუტინის ფანჯრების წინ, როგორც „ზრდილობიან მწვანე კაცუნებს“ ანექსირებულ ყირიმში დაუდგეს. ძეგლიც ისეთივე პოზიტიური იქნება – უბრალოდ, რუს სამხედროს მარგარიტა სიმონიანი ჩაანაცვლებს, „ბედნიერი“ დაპყრობილი გოგონა და ფუმფულა კატა კი უცვლელნი დარჩებიან.

ქეთევან კაცია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები