რომან კაკულია – ოპოზიციაზე: რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკასთან მიმართებით ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყანაში

„ეს შემოთავაზებები, რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს, რომ ეკონომიკასთან მიმართებით ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყნაში. ისინი დღესაც ამ გამოსვლებით გვეუბნებიან,  ახლა რატომ არ ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტიო. აი, ეს იყო მაგათი გამოსვლა, რასაც ჩვენ ვხედავდით”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენდა.

რომან კაკულიას განცხადებით, ხელისუფლებას თავიდანვე რომ არ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები და ინფიცირების 20 შემთხვევის მაგივრად 80 – ყოფილიყო, მაშინ ოპოზიცია ეკონომიკის ჩაკეტვას მოითხოვდა.

„მერე გენახათ, რა გამოსვლები ექნებოდათ. აი, თქვენ რომ ზომები მიგეღოთ და დაგეკეტათ ეკონომიკა, მაშინ არ იქნებოდა ასეთი გავრცელება და რამდენ სიცოცხლეს გადავარჩენდითო – მთელი ამათი კამპანია ზუსტად ამაზე იქნებოდა აგებული. დღეს, აქ დისკუსია, სამწუხაროდ, ვერ შედგა და ვერც შედგებოდა. ამიტომ, მე პრინციპში მხარს ვუჭერ იმ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ მიზანმიმართულად, სიფრთხილით მივყევით ყველაფერს. ვამართლებ იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე იყო ნომერი პირველი გამოწვევა. ჩვენს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით, კოვიდის განმავლობაში უპასუხისმგებლობას და გულგრილობას რომ დაარქმევ და ამ ობიექტურობით გინდა, წარდგე საზოგადოების წინაშე, მაგათ სინდისზე იყოს, ვინც ასეთი შეფასება გააკეთა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ერთი მთავარი ფრაზა ახსენა – „ეკონომიკას ემუქრება სწორედ ვირუსის გავრცელება”.

„თქვენ თქვით ერთი მთავარი ფრაზა, რომელიც იმის მიმანიშნებელია, თუ რას ეფუძნებოდა ეკონომიკური პოლიტიკა კოვიდის განმავლობაში და ეს ფრაზა გახლდათ სწორი შეფასება, რაც მხოლოდ თქვენ კი არა, მთელმა მსოფლიომ, ყველა მოწინავე ექსპერტმა გააკეთა – რომ ეკონომიკას ემუქრება ვირუსის გავრცელება. ეს არის ანალიტიკოსების მნიშვნელოვანი ფრაზა. ვინც ეს ფრაზა გაითავისა და ვინც შემდეგ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა ამაზე ააგო, ცხადია, ის ხედავდა იმ ნეგატიურ შედეგებსაც, რომელიც ამას მოჰყვებოდა, მაგრამ აქ ჩვენ, სამწუხაროდ, ვიდექით ორი მძიმე სცენარიდან საუკეთესოს არჩევის წინაშე და ამ გამოწვევას საუკეთესო გამოსავალი, სამწუხაროდ, არ გააჩნდა და ამ მიმართულებით, მე დარწმუნებული ვარ, და ამას ვხედავ არა მარტო მე, არამედ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ჩვენ სწორი გზით ვიარეთ”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე შეფასებით, ძალიან სწორი იყო ის სოციალური დახმარების პაკეტიც, რომელიც შემუშავდა და თანმიმდევრული, თავშეკავებული დამოკიდებულება, თუ რა ეტაპზე როგორ უნდა ჩარეულიყო ხელისუფლება ეკონომიკაში.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები