ნათია თურნავა: იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს
„მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით – გადარჩენილი სიცოცხლეებით. იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.
რაც შეეხება პანდემიის ფონზე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას – ნათია თურნავას განცხადებით, რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, სადაც ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები და კლების ტემპი იქნება -4, -5 პროცენტი.
„ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ – ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ვირუსის უკონტროლო გავრცელების დროს საწარმოები ვერ მუშაობენ. დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. საერთაშოროსო საკრედიტო სააგენტოებმა ყველაზე კრიტიკული და კონსერვატიული საზომი უცვლელად დატოვა – ინვესტორებს სჯერათ საქართველოს ეკონომიკური მომავლის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ცნობისათვის, ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.