არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ოცნება, რომ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცია – სამშობლოს უანგარო სიყვარულით, ეფექტიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკით შესრულდება
“ჩვენი ოცნება, რომ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცია – სამშობლოს უანგარო სიყვარულით, ეფექტიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკით შესრულდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ერთობლივი მრავალეროვნული წვრთნების – „ღირსეული პარტნიორის” დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ღირსეული პარტნიორის” მონაწილეებს გვაქვს სამშობლოსა და საერთო ღირებულებების დაცვის ზიარი ვალდებულება.
“დიდი პატივია, გერქვას „ღირსეული პარტნიორი” და მხარდამხარ იდგე თავისუფალი, განვითარებული ერების ჯარისკაცებთან! თქვენ ქმნით საამაყო მხედრული ისტორიის თანამედროვე მაგალითს.
მრავალეროვნული წვრთნებითა და მუდმივი მზადყოფნით, ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, ვაუმჯობესებთ ურთიერთთავსებადობას და ვინარჩუნებთ რეგიონში უსაფრთხო გარემოს. „ღირსეული პარტნიორის” მონაწილეებს საერთო ინტერესები და ფასეულობები გვაერთიანებს. ეს პროგრამა არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთი მნიშნელოვანი მხარდაჭერა მშვიდობიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოს მიმართ; ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის ყოველი ასეთი წვრთნა სრულყოფისა და წინსვლის შესაძლებლობაა.
ჩვენი ოცნება, რომ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცია – სამშობლოს უანგარო სიყვარულით, ეფექტიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და დემოკრატიის განმტკიცებით შესრულდება!
ამავე დროს, „ღირსეული პარტნიორის” მონაწილეებს გვაქვს სამშობლოსა და საერთო ღირებულებების დაცვის ზიარი ვალდებულება. ყველას გვეამაყება ჩვენი ჯარისკაცების თავდადებული სამსახური საერთაშორისო მისიებში, სადაც ჩვენი ერების ღირსეული შვილები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში იცავენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას”, – განაცხადაც არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დიდი სამუშაოა შესასრულებული პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად.
“საქართველოს თავდაცვის ძალები ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საიმედო დასაყრდენია. საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
2020 წლის სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული ფასეულობების და რომ ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას.
ასევე, ჩვენ გვაქვს დიდი სამუშაო შესასრულებელი, რომ აღვადგინოთ გლობალური პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ამისთვის კი მზად ვართ!
უსაფრთხოების დაცვით, დემოკრატიის გაძლიერებითა და ეკონომიკის განვითარებით ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს! ეს მარტივი მისია არ არის, მაგრამ ეს შესაძლებელია და ჩვენ ერთად შევძლებთ ამის გაკეთებას!
მადლობას ვუხდი ჩვენა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ სახელმწიფოებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის!
საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ მრავალეროვნული სწავლების წარმატებით დასრულებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს ერთობლივი მრავალეროვნული წვრთნები – „ღირსეული პარტნიორი 2020″ დასრულდა.