რა კრიტერიუმებით შეირჩა ახალი გზის ასაშენებლად ქვეშეთი-კობის ადგილმდებარეობა – ჩატარებული კვლევების შესახებ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სულ მალე, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის განხორციელებას დაიწყებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც უამრავ პრობლემას მოაგვარებს, პირველ ყოვლისა, საცხოვრებელ პირობებს გაუუმჯობესებს ადგილობრივებს.
მიუხედავად ამისა, არაერთხელ დაისვა კითხვა, თუ რა ალტერნატივები არსებობდა ამ ტერიტორიაზე გზის აშენების დაგეგმვისას და რა კონკრეტული კრიტერიუმებით შეირჩა ქვეშეთ-კობის ლოკაცია. ამ კითხვაზე დეტალურად პასუხი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ გასცა.
მისი განცხადებით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტირებისას არაერთი კვლევა ჩატარდა და გზების დეპარტამენტმა, სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე მონაკვეთი დეტალურად შეისწავლა.
„თავდაპირველად, კვლევების შედეგად, გამოვავლინეთ 30-ზე მეტი ალტერნატივა, ნულოვანი ალტერნატივის ჩათვლით. ნულოვანში ვგულისხმობ ვერსიას, რომ არაფერი შეიცვალოს და დარჩეს არსებული გზა. მომდევნო ეტაპზე კიდევ ჩავატარეთ კვლევები, მათ შორის, გეოლოგიური, გეოტექნიკური, ვულკანური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ა.შ. საბოლოოდ, ყველაფერი ეს გარდაისახა მულტიფუნქციურ ანალიზში, რომლის შედეგადაც, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, კიდევ შევამცირეთ ალტერნატივათა სია, გავაკეთეთ საბოლოო შეფასება, რომლის საფუძველზეც, ქულების მინიჭების მეთოდით, შევარჩიეთ ერთადერთი და ყველაზე სწორი ვარიანტი. სწორედ ამ პროცედურების გავლით, ასეთი სიღრმისეული ანალიზის ჩატარების შედეგად, წარმოიქმნა და დამტკიცდა ის მარშრუტი, რის განხორციელებაზეც ვსაუბრობთ დღეს“, – აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აღნიშნული გზა გადის ათ სოფელზე, რომელიც ზამთარში, კლიმატური და რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, მოწყვეტილია გარე სამყაროს და, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივები სამედიცინო მომსახურებასაც ვერ იღებენ. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ გზით ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ჩნდება.