თენგიზ ცერცვაძე: შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები “კოვიდ-19“-ის მართვას და, ზოგადად, ეპიდვითარებას გაართულებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები „კოვიდ-19“-ის მართვას და, ზოგადად, ეპიდვითარებას გაართულებს.
თუმცა, როგორ ცერცვაძემ საქართველოს “პირველ არხთან” საუბრისას აღნიშნა, გადაჭარბებული საფრთხის მოლოდინი არ უნდა შეიქმნას.
„დიახ, იქნება გრიპის პიკი, ცუდია, რომ თანხვედრა იქნება, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს კარგად გამართული სადიაგნოსტიკო სისტემა, ლაბორატორიული „პისიარ“ ტესტებითა და სხვა მეთოდებით. სხვა მეთოდებს, ძირითადად, გრიპისთვის ვგულისხმობ. დღეში 10-11 000 გამოკვლევა ტარდება კოვიდზე. საჭიროების შემთხვევაში, გრიპზეც ჩატარდება ამდენი გამოკვლევა, როცა დაიწყება გრიპის სეზონი. იოლად მოხდება ლაბორატორიულად გრიპისა და “კოვიდის” დიფერენცირება. ეს მოხდება 12 საათის განმავლობაში, ასევე, დიფერენცირებულად მოხდება ამ პაციენტების ტრიაჟი კლინიკებში. კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციების შესრულება მოქალაქეებს სეზონური გრიპისგანაც დაიცავს. თუ იქნა, მე მგონია, არ იქნება, მაგრამ იცავს პანდემიური გრიპისგანაც. მაგალითად, როგორიც იყო ბოლოს 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპი. რეგულაციები და პრევენციული ღონისძიებები აბსოლუტურად ერთნაირია. ექიმებმა შეიძინეს ძალიან სერიოზული გამოცდილება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლინიკური მართვის მენეჯმენტის მხრივ პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.