სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში შემთხვევათა მზარდ ტენდენციას და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე, გააძლიერონ რისკების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები და შესაბამისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას თვალი მიადევნონ.

“მსოფლიო ტენდენცია აჩვენებს, რომ ახალი კორონავირუსისადმი მაღალი მოწყვლადობა ხანდაზმულ, ქრონიკული დაავადებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ. საყურადღებოა სახელმწიფო ზრუნვის, თავისუფლების შეზღუდვისა და აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ პირთა მდგომარეობა, რადგან, გარემო პირობების გამო, ვირუსის გავრცელების რისკები ამ დაწესებულებებში მაღალია.

საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივ რეჟიმში, ვიზიტებითა და მონიტორინგის გზით აკვირდება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის, ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მისგან დამცავი პროცედურების შესრულების მდგომარეობას.

მონიტორინგი აჩვენებს, რომ მეტი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული დაწესებულებებში პირთა მიმოსვლის, დამცავი საშუალებების გამოყენებისა და არსებული წესების კონტროლის მიმართულებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ინსტიტუციებში მცხოვრებ პირთა უწყვეტი ინფორმირება და კონსულტირება ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკებისა და პრევენციული ღონისძიებების თაობაზე, მათთვის მისაწვდომი ფორმით.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ბათუმში, ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ და სხვა დაწესებულებებში პრევენციის, კონტროლისა და მონიტორინგის ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სერვისის სხვა მიმწოდებლები ყველა ძალისხმევას გაწევენ საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები