ჭიჭინაძე: ხალხთან შეხვედრების დროს არ გამიგია, ვინმეს ეთქვა, მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეთო

“ხალხთან შეხვედრების დროს მე არ გამიგია, ვინმეს ეთქვა, მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეთო”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს აინტერესებთ, პოლიტიკური ძალები კონკრეტულად რას სთავაზობენ. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ამომრჩევლებისგან კოალიციური მთავრობის მოთხოვნას ვერ ხედავს.

„ჩვენც ვატარებთ კვლევებს, რომელსაც გამოვაქვეყნებთ. საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. ამ კვლევაში, გარკვეულწილად, აბსოლუტურად სხვა სურათია. 200-ლარიანი დამხმარებების დარიგების პერიოდში, პიკზე, როცა რიგდებოდა, მაშინ ჩავატარეთ კვლევა და „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დაახლოებით, 37-38 %-ია. მანამდე ჩატარებულ კვლევაში არ აღემატებოდა 22 %-ს. ჩვენს კვლევაშიც „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მაგრამ არა ისე, როგორც ესენი ამბობენ. პირდაპირ გეტყვით, „ევროპულ საქართველოს“ პულსი არ ესინჯება.

რეალურად, ხალხი ცვლილებებს ნამდვილად ელოდება. რაც შეეხება კოალიციური მთავრობის არსებობას, მე ხალხში ამის მოთხოვნას ვერ ვხედავ. ხალხთან შეხვედრებიდან მე არ გამიგია, ვინმეს ეთქვა, მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეთო. ადამიანებს აინტერესებთ, კონკრეტულად რომელი პოლიტიკური ძალა რას სთავაზობს. ამით უნდათ გადაწვეტილების მიღება. ანუ, ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა მათი მოთხოვნა და დაკვეთა არაა. ისევ ორი პოლიტიკური ძალის ინტერესშია, რომ ორ პოლუსად იქცეს არჩევნები. დღეს, საბედნიეროდ, ქართველ ხალხს აქვს იმის საშუალება, რომ მრავალფეროვანი არჩევანიდან გააკეთოს არჩევანი, რომელიც მას მოსწონს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები