საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მე-7 რაუნდი ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
2020 წლის 9 სექტემბერს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მე-7 რაუნდი ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ქართული მხრიდან დიალოგს გაუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, ხოლო ბრიტანული მხრიდან კი – ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – უენდი მორტონი.
დიალოგის ფარგლებში, გაიმართება მინისტრის ვირტუალური შეხვედრა ბრიტანელ კოლეგასთან, დიალოგის პლენარული სესიის გახსნა და ერთობლივი პრესკონფერენცია.
“უორდროპის სტრატეგიული დიალოგი წარმოადგენს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების მთავარ პლატფორმას, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას: პოლიტიკურ დიალოგს, საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, განათლებისა და კულტურის სფეროს, ხალხთაშორის კონტაქტებს.
დიალოგის ფარგლებში ასევე გაიმართება 4 თემატური მრგვალი მაგიდა – პოლიტიკური, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ხალხთაშორისი კონტაქტების მიმართულებით. სტრატეგიული დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის წარმომადგენლები, ასევე, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი – სოფიო ქაცარავა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი – მარკ კლეიტონი.
უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, დაგეგმილია პარალელური ღონისძიებების გამართვა, კონფლიქტის, ეკონომიკის და ხალხთა შორისი კონტაქტების საკითხზე, ასევე, პარალელური ღონისძიების ფორმატში მოხდება Covid-19 პანდემიის, მასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ვირუსის ეფექტიანი მენეჯმენტის საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წლის 21 ოქტომბერს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმდა „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება, ეს გახლავთ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” ფორმატში პირველი პლენარული შეხვედრა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.