ზვიად ძიძიგური: რამდენიც უნდა სცადოს მიხეილ სააკაშვილმა, თუ გნებავთ, „ქართულმა ოცნებამაც“, ორპოლუსიანი არჩევნები არ გამოვა

“მე მიმაჩნია, რომ საერთოდ არ არის ახლა ასეთი არჩევნები საქართველოში: ბიძინა, თუ მიშა? “, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავჯდომარემ, დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ძიძიგურის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უფრო მსოფლმხედველობრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

„ამ რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა საარჩევნო ვითარების ისევ ორპოლუსიან რეჟიმში გადაყვანას.

98 პროცენტი აიღო 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს იყო ტიპური ორპოლუსიანი არჩევნები. ასეთივე არჩევნები იყო 2016 წელს, მაგრამ რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს – რამდენიც უნდა სცადოს მიხეილ სააკაშვილმა, თუ გნებავთ – „ქართულმა ოცნებამაც“, ორპოლუსიანი არჩევნები არ გამოვა, ვინაიდან საქართველოში დღეს, პრაქტიკულად, თითქმის პროპორციული არჩევნები ტარდება.

მე მიმაჩნია, რომ საერთოდ არ არის ახლა ასეთი არჩევნები საქართველოში: ბიძინა, თუ მიშა? ჩემი აზრით, ახლა არის საქართველოში არჩევნები, რომელიც უფრო მსოფლმხედველობრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ, ანუ კონსერვატორები მეტნი შევლენ პარლამენტში, თუ ლიბერალები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მიმართულებით წავა ჩვენი ქვეყანა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში დღესაც დევს კანონპროექტი, რომელიც ნარკოლიბერალიზაციის საკითხს ეხება და რომელსაც კატეგორიულ წინააღმდეგობას ვუწევდით „კონსერვატორები“, ეს კანონპროექტი თაროზეა შემოდებული. საკმარისია, ძალა იგრძნონ ლიბერალებმა, ეს თემა ისევ აქტიური გახდება. ამავე დროს, ლიბერალები აპირებენ, გააუქმონ საკონსტიტუციო შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ასევე, მათ გეგმაში შედის საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ოჯახის დეფინიციას შეეხება, გააუქმონ. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. უნდა წავიდეთ იქეთ, რომ გასაბერი ეკლესიებით, ჯარში გაწვევის ჩაშლითა და ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ, თუ ვიმოძრაოთ იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სახელმწიფო, ქვეყანა შევინარჩუნოთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევანია“, – განაცხადა ძიძიგურმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები