გია ჟორჟოლიანი: თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა პოლიტიკაში მინიმუმამდე არ დავა, „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა რთული იქნება

 

“თუ ოპოზიცია არ დამარცხდება, ანუ მინიმუმამდე არ დავა „ ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეების წარმომადგენლობა პოლიტიკაში, ძალიან რთული იქნება „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ჟორჟოლიანმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

„დღეს არის ორპარტიულ დიქტატურა – სადაც ორი ძირითადი მხარეა პოლიტიკაში და ერთმანეთით სულდგმულობენ. ერთი, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თუ მე არა, მაშინ ის იქნება და ის უარესია, ხოლო მეორე, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, თქვენ რომ ცუდად ცხოვრობთ, ეს „ოცნების“ ბრალია, თუ ეგენი არ იქნებიან, ჩვენ გარდა არავინ არისო. ამიტომ, ერთგვარად ორპარტიული დიქტატის სისტემა შეიქმნა პოლიტიკაში. ამის გარღვევა ძალიან რთულია. რამდენადაც მოგეხსენებათ, მედიები არიან პოლიტიკურად ძალიან ანგაჟირებულები. რამდენიმე მედია ერთ მხარესაა, რამდენიმე – მეორე მხარეს. სამწუხაროდ, ეს ინერცია ისეთი ძლიერია, რომ მედია არ ინტერესდება შინაარსობრივი საკითხებით და ხშირად ამ ორი სუბიექტის კინკლაობით, უშინაარსო პოლემიკითაა დაკავებული. ამის გარღვევა საკმაოდ ძნელია. მაგრამ თუ ეს არ გაირღვა, არავითარ შემთხვევაში გამოჩნდება გზა, რომელიც ამ სტაგნაციის მდგომარეობიდან გამოგვიყვანს და მწვავე საკითხებს გადაჭრის.

ილუზიაა, რომ მესამე ძალა გამოჩდება, ან ერთი ან მეორე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ჩვენ, „სოციალ-დემოკრატებს“ მიგვაჩნია, რომ უბედურება იქნება, თუ რევანშისტული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მაგრამ ეს ილუზიაა, ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. თუ ჩვენ გვინდა, „ქართული ოცნების“ პოლტიკა, ხელისუფლება და არსებული პოლიტიკური ელიტა შევცვალოთ, აუციელებელია, დამარცხდეს ოპოზიცია, რასაც უნდა მოჰყვეს „ოცნების“ დამარცხება. თუ ოპოზიცია არ დამარცხდება, ანუ მინიმუმამდე არ დავა „ ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეების წარმომადგენლობა პოლიტიკაში, ძალიან რთული იქნება „ოცნებასთან“ ბრძოლა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ახალი სისტემა უნდა შეიქმნას.

„ უმრავლესობა ვერ უნდა მოიპოვოს „ოცნებამ“, რომ უპირობოდ მართოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა მინიმუმზე უნდა დავიდეს, თუ საერთოდ გაქრება, კიდევ უკეთესია. სხვა პარტიებმა უნდა დაიკავონ ადგილები. თითოკაციანი პარტიები თუ იქნება, ეს არაფერს მოიტანს. უნდა იყოს სერიოზული წარმომადგენლობა, რომელსაც აქვს განსხვავებული, ალტერნატიული ხედვა. ჩვენ ეს ხედვა გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია, ზემოქმედება მოვახდინოთ იმაზე, რომ შეიცვალოს პოლიტიკა. ჩვენ არ შეიძლება, მუდმივად გადარჩენის რეჟიმში ვიცხოვროთ. ჩვენი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები